საწყისი  საიტის რუკა  კონტაქტი
http://www.akhali-gazeti.ge

2010  8  სექტემბერი,  ოთხშაბათი
 
 
 ძიება საიტზე

 რეკლამა





ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის პერსპექტივები

ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის პერსპექტივები


საუბარია 70 კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე, რომლის აღდგენა-მშენებლობისთვის 200 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხა იაპონიის მთავრობამ კრედიტის სახით გამოუყო საქართველოს მთვარობას. აქედან 20 მილიონი ლარი პროექტირებას მოხმარდება, 180 მილიონი კი უშულოდ გზების მშენებლობაზე უნდა დაიხარჯოს. ატომაგისტრალის მშენებლობის დაწყება 2010 წლის გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი.

უკვე ცნობილია, რომ პროექტის განსახორციელებლად გათვალისწინებულია კერძო საკუთრებაში არსებული 600-ზე მეტი მიწის ნაკვეთის შესყიდვა და 40-50 ოჯახის გასახლება. ასევე, შესაძლოა ახალი მარშრუტის გაყვანამ ზოგიერთი დასახლების იზოლირება მოახდინოს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული საფრთხე შესაძლოა, სოფლებს: ქვემო და ზემო მესხეთს, ფარცხანაყანებს, ასევე, თერჯოლის რაიონის ზოგიერთ სოფელს დაემუქროს.

ავტომაგისტრალის მშენებლობისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ სოფლების მოსალეობამ კონკრეტულად ჯერ არაფერი იცის: `გვითხრეს კომპენსაციებს მოგცემთო. ჯერ არაფერი ვიცით, როგორ და რა რაოდენობის იქნება. სახლის დატოვება არავის უნდა, მარამ უარი რომ ვთქვათ, რა აზრი აქვს, მაინც გააკეთებენ,~ - ამბობს სოფელ ახალსოფლის მცხოვრები შოთა ქუქალია. სოფლის მცხოვრებლების თქმით, კონკრეტული წინადადებებით მათთვის არავის მიუმართავს.

საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზის სამუშაოების დაწყება კომპენსაციის სრულად გაცემამდე არ მოხდება. უკვე ცნობილია თანხის ის სავარაუდო რაოდენობა, რასაც მოსახლეობას დათმობილ საკუთრებაში გადასცემენ: სოფლები ფარცხანაყანები და ქვიტირი: კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ღირებულება საავტომობილო ტრასასთან ახლოს (მის გასწვრივ) – 5-7 აშშ დოლარი/კვ.მ, ორსართულიანი სახლების ღირებულება – 15000-17000 აშშ დოლარი; სოფლები ზემო და ქვემო მესხეთი - კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ღირებულება - 1 ლარი/კვ.მ, ორსართულიანი სახლები - 20000 აშშ დოლარი; სოფელი ნახშირღელე: კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ღირებულება - 055-0,66 ლარი/კვ.მ, ორსართულიანი სახლები - 12000-15000 აშშ დოლარი.
რაც შეეხება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სახლებს, მათზე  კომპენსაცია არ გაიცემა.

"განსახლების კომპენსაციის ხარჯის მიახლოებით შეფასებას საფუძვლად უდევს ის მოსაზრება, რომ სოფლებში კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უმეტესობა, რომლებზეც უნდა გაიაროს გზამ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, " - განმარტავენ საგზაო დეპარტამენტში. მათი განცხადებით, მიწის შესყიდვის მასშტაბი და განსახლების პროცედურების ხარჯები მიახლოებით შეფასდა ტექნიკური დახმარების გუნდის მიერ გზის მარშრუტების შემოთავაზებული ვარიანტების, 2002 წლის საკადასტრო რუკებისა და ადგილზე გასვლის შედეგების მიხედვით. თუმცა, სოფლის მოსახლეობის თქმით, მათთან ადგილზე არავინ ჩასულა.

პროექტის განხორციელბასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც ადგილობრივ ხელსუფლებაში ფლობენ. რაიონების გამგებლები და რწმუნებულები აცხადებენ, რომ მათ ინფორმაცია არ აქვთ.

"პროექტს არ ვიცნობ. არ ვიცით, ზუსტად სად გაივლის მაგისტრალი. კომპენსაციებზე მოსახლებასთან საუბარი არ გვქონია. მშენებლობას საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს და ეს მათი საქმეა," - ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი არაბიძე.

თუმცა, როგორც საგზაო დეპარტამენტში არსებული სამოქმედო გეგმის მიხედვით ირკვევა,  განსახლების საკითხების განხორციელებასა და შემდგომ მონიტორინგზე პასუხისმგებლობა სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებას ეკისრება.

ერთადერთი საქმიანობა, რაც ამ დროისთვის სამტრედიის მუნიციპალიტეტში აქვთ განხორციელებული, მოსახლეობის მონაცემთა ბაზის შეგროვებაა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის ზაზა შოვნაძის თქმით, სოფლის მცხოვრებთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ საგზაო დეპარტამენტს ინფორმაციები უკვე მიაწოდეს.

"გადავეცით შევსებული ბლანკები, სადაც მითითებულია, რა შემოსავალი აქვს მოსახლეობას, როგორ ცხოვრობენ. რა ინფორმციაც შეიძლება თითოეულ ოჯახზე შეაგროვო, ყველაფერი მოვაწოდეთ," - ამბობს ზაზა შოვნაძე. მისი თქმით, კომპენსაციებზე ჯერ საუბარი არ არის: "გვითხრეს, რომ სექტემბრის ბოლოს იქნება პროექტი და ამის შემდეგ გაგვაცნობენ დეტალებს."

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია მთლიანობაში 660 000 დოლარის ოდენობის კომპენსაციის გაცემაზე.

ავტომაგისტრალის ზუსტი მარშრუტი ჯერ არც საგზაო დეპარტანემტში გააჩნიათ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის რამაზ ნიკოლაიშვილის თქმით, ტრასის დეტალური, მაღალი სიზუსტით რუკის მოწოდება შესაძლებელი იქნება წლის ბოლოს, დეტალური პროექტირების სტადიაზე. ამ დროისთვის ვერც მშენებლობის ზუსტ ღირებულებაზე საუბრობენ.

"ზუსტი ფასის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ეს დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე. მშენებლობის ღირებულება დაზუსტებული იქნება დეტალური პროექტირების დასრულების შემდეგ," - ამბობს რამაზ ნიკოლაიშვილი.

ამ დროისთვის განიხილება აღიშნული ტრასის შემდეგი მონაკვეთები:  ზესტაფონის შემოვლითი გზა, ზესტაფონი-ქუთაისის მარშრუტი, ქუთაისის შემოვლითი გზა და ქუთაისის დასავლეთი - სამტრედია. ზესტაფონის შემოვლითი გზა განიხილავს ორ შესაძლო ალტერნატივას: ჩრდილოეთის ვარიანტი - გვირაბის გარეშე და  სამხრეთის ვარიანტი - გვირაბით. ზესტაფონის შემოვლით გზაზე ათვლის ძირითადი წერტილებია: საავადმყოფო, სასაფლაო, ფოლადის ქარხანა, ღვინის ქარხანა და დასახლებები.

"ზესტაფონის ასაქცევის ვარიანტის შემთხვევაში, მნიშვნელობა არა აქვს,  მარშრუტი გვირაბით იქნება, თუ გვირაბის გარეშე, ეს არ მოახდენს გავლენას ჩასახლებაზე. გვირაბის ვარიანტის შემთხვევაში, ზემოქმედება მიწის ნაკვეთებზე უფრო მეტი იქნება, მაგრამ შენობების რაოდენობა და მიწის ნაკვეთების ფართი, რომელთა კომპენსაცია უნდა მოხდეს, თითქმის თანაბარია," - აღნიშნულია მაგისტრალის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედებისა და ალტერნატივების ანალიზში. ეს ანალიზი შპს "ენვაირონმენტალ ტექნოლოჯიზ"-ისა (გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები) და ფონდის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის" კონსორციუმმა მოამზადა. აღნიშნული კონსორციუმი საგზაო დეპარტამენტმა კონკურსის საფუძველზე შეარჩია.

"ერთადერთი მგრძნობიარე ადგილი ამ ტერიტორიაზე, რომელიც გასათვალისწინებელია, არის მდ. ყვირილა და პატარა ტყის მონაკვეთი -  ზესტაფონის საავადმყოფოსთან. აღნიშნულ რეცეპტორებზე გზის ორივე ვარიანტი ერთი და იგივე მასშტაბით მოახდენს გავლენას. არქეოლოგიური ადგილების მიხედვითაც შეფასებულია გავლენა და ორივე ვარიანტის შემთხვევაში ერთნაირია," - მითითებულია ანალიზში.

"არქეოლოგიური მემკვიდრეობა დაცული იქნება კანონის შესაბამისად. განხორციელდება წინასამშენებლო არქეოლოგიური კვლევა," - ამბობს შპს "ენვაირონმენტალ ტექნოლოჯიზ"-ის ექსპერტი მედგარ ჭელიძე.

რამდენიმე ვარიანტი განიხილება ქუთაისის-სამტრედიის მონაკვეთის გზის მშენებლობის კუთხითაც: ჩრდილოეთის 1 და სამხრეთის 3 ვარიანტი. თუმცა, ცნობილია, რომ სამხრეთის ვარიანტი ამ დროისთვის უკვე უარყოფილია, რადგან ის კვეთს საღორიის ტყეს, სადაც არის წითელ წიგნში შესული მუხის ხეები. გარდა ამისა, მარშრუტი კვეთს ობოლი ბავშვების სპეციალურ სკოლას, რომელიც აგებულია საერთაშორისო მხარდაჭერით, ყრუ-მუნჯ ბავშვთა სკოლას და ფეხბურთის გუნდის "ტორპედო-ქუთაისის" საწვრთნელ ბაზას. ჩრდილოეთის მარშრუტი კი გვერდს უვლის ყველა ამ მგრძნობიარე ადგილს და კვეთს ძველ, მიტოვებულ ტრაქტორების ქარხნის ტერიტორიას.

"ყველაზე მისაღებია ჩრდილოეთის ვარიანტი, ნაკლებია გარემოზე ზემოქმდება და ასევე, ეკონომიკურადაც მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოეთის ვარიანტი განხორციელდეს, რადგან დაუშვებელი იქნებოდა, ქალაქიდან ძალიან შორს გაევლო შემოვლით ავტომაგისტრალს. ეს გამოიწვევს იმას, რომ ქალაქი მოწყდება მთლიან არტერიას. ეკონომიკურად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ახლოს მოხდეს ამ მაგსიტრალის გავლა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სატრანზიტო პოტენციალს," - ამბობს "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" იმერეთის ფილიალის ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი.

ხოლო რაც შეეხება ზესტაფონი-ქუთაისის გზას, ეს არის 22 კმ-ანი მონაკვეთი, რომელიც ზესტაფონის შემოვლითი გზის დასავლეთ გადაკვეთიდან უკავშირდება ქუთაისის შემოვლითი გზის სამხრეთ გადაკვეთას.

ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ისტორია კი ჯერ კიდევ 1980-ანი წლებიდან იწყება: შემოვლითი გზა თავიდანვე დაგეგმილი იყო, როგორც ერთიანი შემოვლითი გზა ქალაქ ქუთაისამდე, რომელსაც უნდა დაეკავშირებინა ერთმანეთთან აღმოსავლეთით მდებარე ზესტაფონი-ქუთაისის გზა და დასავლეთით მდებარე ქუთაისი-სამტრედიის გზა. თუმცა, მშენებლობა ნახევარ გზაზე გაჩერდა - ქუთაისი-ბაღდათის გადაკვეთაზე 4.9 კმ-ზე.

ათვლის ძირითადი წერტილები ქუთაისის შემოვლით გზაზე არის: მდინარე წყალწითელა, სპორტული ცენტრი, სპეციალური პანსიონი, რიონის ჰესის წყალგამშვები არხი, საღორიის ტყე, რკინიგზა, რომელიც მიუყვება მდ. რიონის მარცხენა ნაპირს ქუთაისიდან სამხრეთით, მდინარე რიონი, დიდი ზომის საცხოვრებელი კორპუსი, რკინიგზა, რომელიც მიუყვება მდ. რიონის მარჯვენა ნაპირს ქუთაისიდან სამხრეთით, გადამცემი ხაზები, დასახლებები.

"ქუთაისის-ზესტაფონი-სამტრედიის გზის აღნიშნული მონაკვეთი არის E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი სექცია, რომლითაც ხორციელდება დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ძირითადი სატრანზიტო მოძრაობა. მშენებლობის დასრულების შემდეგ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა და მათი გადაადგილების უსაფრთხოება"- აღნიშნა რამაზ ნიკოლაიშვილმა.

"ავტომაგისტრალის გავლა ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე განტვირთავს მთლიანად საავტომობილო გზას იმ ნაკადისაგან, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან მოედინებიან ქალაქის მიმართულებით," - ამბობს იმერეთის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე.

საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ პრიორიტეტად საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება გამოაცხადა, რაც შესაძლებელია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის რეაბილიტაციის გზით.

"E-60 გზის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის აღდგენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი პროექტის განხორციელებისათვის და მიზნად ისახავს მთელი სატრანსპორტო დერეფნის რეკონსტრუქციას აზერბაიჯანის საზღვრიდან საქართველოს შავი ზღვის ტერმინალებამდე," - ასე ასაბუთებს მთავრობა აღნიშნული მაგისტრალის Mშენებლობის აუცილებლობას.

რა შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს მაგისტრალის მშენებლობა, ეს პროექტის საბოლოო ვარიანტის არჩევის შემდეგ გახდება ცნობილი. გეგმის მიხედვით, პროექტის განსახორციელებლად განსაზღვრულია 4-5 წელი, შეძენისა და მშენებლობის ოპერაციების ჩათვლით. ხოლო უშულოდ მშენებლობის პერიოდი სავარაუდოდ, 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.



2009-09-08
 

უკან



ძებნა თარიღით

            

სექტემბერი 2010
ორსამოთხხუთპარშაბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930



უკან




 სექტემბერი 2010
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

 რეკლამა


 
PDF Version გაზეთის PDF ვერსია   ჩვენს შესახებ რეკლამა საიტზე და გაზეთში ფოტო გალერეა კონტაქტი
Copyright© 2009 | All Rights Preserved Designed by SPAR