პრეისტორია
ფოთში მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტის იდეა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც სასმელი წყლით მომარაგების საკითხი ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად დასვა. 2004 წელს ფოთის ადგილობრივმა მთავრობამ ოფიციალურად მიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBღD) დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების თხოვნით. აღნიშნული კვლევა ბრიტანულმა კომპანია ჟაცობს-მა განახორციელა.
თავდაპირველად პროექტისთვის ორი ვარიანტი განიხილებოდა: 1) არსებული სისტემის რეაბილიტაცია და 2) თვითდინებითი წყალმომარაგების სისტემის შექმნა, ღროულის წყაროს გამოყენებით. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საფუძველზე, რომელიც 2005 წლის დასაწყისში დასრულდა, რეკომენდებული იქნა თვითდენითი წყალმომარაგების სისტემა - ღროულის წყაროს გამოყენებით. 2006 წლის მარტში, მუნიციპალური განვითარების ფონდის მოთხოვნით, ამ კვლევის განახლებული ვარიანტი ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ კი, ქართული კომპანია შპს `ეკოპროექტი~-ს მიერ დეტალური საინჟინრო დოკუმენტები მომზადდა.
პროექტის საერთო ღირებულებამ 27 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან, გრანტის სახით 8.58 მილიონი ლარი ფონდმა ათასწლეულის გამოწვევა საქართველომ (MCG) გაიღო; 8.8 მილიონი ლარი - შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (SIDA). საქართველოს მთავრობამ 1.55 ლარი გამოყო, ფოთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 2.57 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამას გარდა, ფოთის თვითმმართველობის თავდებობით, EBRD-მა გამოყო სესხი - 5.5 მილიონი ლარის ოდენობით. პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (MDF) და 2009 წლის პირველ კვარტალში დაასრულა.
პროექტის შედეგები ფურცელზე და რეალურად
MDF-ს გამოქვეყნებული აქვს ფოთის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტის შეფასება, რომელშიც მითითებულია, რომ პროექტის ბენეფიციარები არიან: ქ. ფოთის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა (დაახლოებით 50 000 ადამიანი), რომელიც 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო სასმელი წყლით; ადგილობრივი წყალმომარაგების კომპანია `წყალკანალი~, რომელიც სარგებელს მიიღებს გაუმჯობესებული აქტივებით და ტექნიკური დახმარებით და შემცირებული მოვლა-შენახვის ხარჯებით; ქ. ფოთის ადმინისტრაცია, რომელიც დაზოგავს 260 000 ლარს სუბსიდიისათვის, რომლის გამოყენებაც შეუძლია სხვა მიზნებისათვის.
პროექტის განხორციელება დასრულდა, ფოთში კი პროექტში გაწერილი ეს შედეგები რეალურად არავის უნახავს. დავიწყოთ 24 საათიანი წყალმომარაგებით:
"ფოთში 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება ამ პროექტის დასრულებასთან ერთად. ეს არის ისტორიული საქმე. ეს არ იყო არც ფოთის დაფუძნებისას - ნიკო ნიკოლაძის დროს, არც კომუნისტების დროს, ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენს მეგობრებთან ერთად, პრაქტიკულად, მართლა, მეც რომ არ მეგონა, ისეთი რაღაცის გადაწყვეტა," - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე წლის 7 აპრილს გააკეთა, როდესაც ის ფოთში ჩავიდა 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე. ფოთელები დღეს ბევრს საუბრობენ იმის თაობაზე, რომ წყალი მათ ონკანებში პრეზიდენტის ვიზიტის დასრულებისთანავე გაქრა. მათ შორის გახლავთ მურმან ნაჭყებია: "წყალი ყოველ მეორე დღეს მოდის, ისიც რამდენიმე საათით," - ამბობს ის.
რაც შეეხება უსაფრთხო სასმელი წყლით მომარაგების პირობას, ამ საკითხის გასარკვევად ჩვენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საბჭოს მივმართეთ. როგორც ამ საბჭოს დირექტორმა, ექიმმა-ეპიდემიოლოგმა ლეილა კასრაძემ გვითხრა, ფოთში სასმელი წყლის ხარისხი ძალიან ხშირად არ აკმაყოფილებს სტანდარტებს.
"წელი არ გავა, ფაქტობრივად, ისე, რომ არ დაფიქსირდეს სასმელი წყლით გამოწვეული დაუდგენელი ეტიმოლოგიის ნაწლავური ინფექციები, დიზენტერია, ტიფი და სხვადასხვა დაავადებები. წელსაც იყო, მარტის პერიოდში ასეთი ინფექციები. ძირითადად, უბნების მიხედვით ხდება ინფექციის კერის დაფიქსირება. მაგალითად, ხშირად დაფიქსირებულა ნაბადის უბანში, ცენტრში, ე.წ. კუნძულის უბანში, ქალაქის უბანში," - ამბობს ლეილა კასრაძე. მისივე ინფორმაციით, წელს ფოთში სასმელი წყლით გამოწვეული ჰეპატიტის 51 შემთხვევა დაფიქსირდა.
თავის დროზე კი, როდესაც ღროულის სათავე ნაგებობის მშენებლობა გადაწყდა, ეს უპირველეს ყოვლისა, იმით იქნა დასაბუთებული, რომ ღროულის წყარო წყლის უკეთესი ხარისხით გამოირჩეოდა. არადა, როგორც კი გაწვიმდება, ღროულის სათავე ნაგებობიდან მომდინარე წყალი მაშინვე იმღვრევა: "წყალს აქვს მოყვითალო ფერი, სპეციფიკური სუნი და გემო," - ამბობს შპს "დასავლეთის წყლის" ფოთის სერვის-ცენტრის მენეჯერი მურმან ნადარეიშვილი.
რაც შეეხება პროექტით გათვალისწინებულ პირობას, ფოთის წყალკანალის მომგებიან კომპანიად ქცევისა და ამ გზით ადგილობრივი ბიუჯეტის დანახარჯების შემცირების თაობაზე: საქმე ის არის, რომ კომპანია - "ფოთის წყალკანალი", რომელსაც ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობა დაუდგა გარანტიორად EBRD-დან მიღებული სესხის თაობაზე, როგორც თვითმმართველობის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო შპს-ს, იურიდიულად უკვე აღარ არსებობს. რამდენიმე თვის წინ საქართველოს რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროში წყლის მართვის სააგენტო შეიქმნა, რის შემდეგაც ჩამოყალიბდა შპს "დასავლეთის წყალი", რომელმაც დასავლეთ საქართველოში მანამდე არსებული ყველა "წყალკანალი" (აჭარის გარდა) ერთ უწყებაში გააერთიანა, მათ შორის ფოთის წყალკანალიც. სესხის დაბრუნებაზე პასუხისმგებელი კი კვლავაც ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობა დარჩა.
"ჩვენ 2006 წლის 12 დეკემბერს მოვაწერეთ ხელი საგარანტიო ხელშეკრულებას, თუმცა მანამდე, წინა საკრებულოს მიერ დაგვხვდა ხელმოწერილი 4 ხელშეკრულება და სხვა გზა აღარ გვქონდა. თანაც, როდესაც მოვითხოვეთ ამ ხელშეკრულებიდან მე-8 პუნქტის ამოღება, ფინანსთა სამინისტრო წავიდა წინააღმდეგ. ეს პროექტი უნდა განხორციელებულიყო და ამიტომ წავედით დათმობებზე. გარანტია ვალდებულებაა და ამიტომ უნდა შესრულდეს, სხვა გზა არ გვაქვს," - ამბობს ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე სულხან თოლორდავა.
ერთადერთი სარგებელი, რაც ამ პროექტის შედეგად ფოთის წყალკანალმა მიიღო, ის გახლავთ, რომ ასეთუისე მოწესრიგდა წყლის აღრიცხვისა და გადასახადების აკრეფის სისტემა. პროექტის ფარგლებში 400 კომუნალური და 7500 ინდივიდუალური მრიცხველი დაიდგა. გამრიცხველიანებისთვის, 234 775 ლარის ღირებულების სამუშაოები შპს "რემმშენმა" ჩაატარა. თუმცა მრავალბინიან კორპუსებში ინდივიდუალური მრიცხველის მონტაჟი თითოეულ ოჯახს 70 ლარი დაუჯდა. ფოთში თითქმის 40%-ით გაძვირდა წყლის ტარიფიც: 1 კუბური მეტრი წყლის ღირებულება აქ 55 თეთრია.
პრობლემის არსი
პროექტის განხორციელებამდე ფოთის მოსახლეობა სასმელი წყლით ნოსირის სათავე ნაგებობიდან მარაგდებოდა, რომლის ქსელიც ამორტიზებული იყო და არ გახლდათ საკმარისი ქალაქის სრულად წყალმომარაგებისთვის. კვლევების შედეგად გადაწყდა ახალი სათავე ნაგებობის მშენებლობა. ფოთში წყალმომარაგების ახალი სათავე ნაგებობის ასაშენებლად მარტვილის რაიონის სოფელი ბალდა (სადაც ჩამოედინება ღროულის წყარო) შეირჩა შპს "ტეხურას" მიერ, ხოლო ღროულის უბანზე ჰიდროლოგიური კვლევითი და რეჟიმული სამუშაოები ჩაატარა ფირმა "ზენიტ გამა კონსალტინგმა". პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე გადაწყდა ღროულის წყაროზე ახალი სათავე ნაგებობის და 47 კმ სიგრძის წყალსადენის (ღროული-ნოსირი) მშენებლობა.
აღნიშნული სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს `ფერიმ~ შეასრულა, რისთვისაც ამ ფირმამ 13 038 279 ლარი აითვისა. დახარჯული მილიონების მიუხედავად, ღროულის სათავე ნაგებობა ფოთში წვიმიან ამინდებში გამოუყენებელია, არადა, ეს ქალაქი უხვნალექიანობითაა გამორჩეული.
"როგორც კი გაწვიმდება, 4-5 საათში მოდის მღვრიე წყალი," - ამბობს შპს 'დასავლეთის წყლის" ფოთის სერვის-ცენტრის ლაბორატორიის უფროსი იური ბერძენიშვილი.
სიტუაციის დასარეგულირებლად ფოთის-სერვის ცენტრში ორიგინალურ ხერხს მიაგნეს: "სპეციალურად გამოვყავით 2 ადამიანის შტატი, რომლებიც მორიგეობენ ღროულის სათავე ნაგებობაზე და როგორც კი გაწვიმდება, იმ წუთშივე გადაკეტავენ წყალს," - ამბობს მურმან ნადარეიშვილი.
შპს "დასავლეთის წყლის" ფოთის სერვის-ცენტრში არ ფლობენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რამ გამოიწვია ღროულის სათავე ნაგებობაზე აღნიშნული პრობლემა - საპროექტო, თუ სამშენებლო სამუშაოებმა?
"ბალდის წყალი ორი წყაროსგან შედგებოდა: ერთი მდინარე წელიწადის ყველა დროს სუფთაა, მეორე კი წვიმიან ამინდში იმღვრევა. როგორც ჩანს, ამის ანალიზი არ იყო გაკეთებული. ვიღაცამ შეისწავლა, ალბათ, ეს საკითხი, მაგრამ პროექტის ეს ნაწილი, ვერ ვნახეთ ჩვენ. ორი ვერსიაა: 1. იყო შესწავლილი და დადებითი ვიზა ჰქონდა და 2. მშენებლებმა დაუშვეს შეცდომა სათავე ნაგებობის მშენებლობისას. საქმე ის არის, რომ ამ ორ მდინარეს შორის 5-7 მეტრია დაშორება და აფეთქებების შედეგად მოხდა დაზიანება და ამიტომ ხდება შერევა და ამღვრეული წყალი მოედინება," - ამბობს მურმან ნადარეიშვილი.
"საძიებო-საკვლევი სამუშაოები ფოთში თავის დროზე არ არის სათანადო დონეზე შესრულებული. იქ, სადაც კარსტული წყალი მიედინება, არ შეიძლება აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება. ამან შესაძლოა შრეები დაშალოს. მაგალითად, მიწისძვრამ შეიძლება საერთოდ დაკარგოს წყალი. ამ შემთხვევაში, თუკი ეს აფეთქებითი სამუშაოები იქნა ჩატარებული, დამნაშავე არის მშენებელი ფირმა," - ამბობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობის დეპარტამენტის პროფესორი ოთარ შაუთიძე.
"მე მაქვს ინფორმაცია, რომ რაღაც ქანის აფეთქებამ გამოიწვია წყლის ამღვრევა," - ამბობს ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე სულხან თოლორდავა.
"ჩვენ არანაირი ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები არ ჩაგვიტარებია. ეს არის ძალიან ადვილი გადასამოწმებელი: ამისთვის სპეც-ნებართვაა აუცილებელი, რაც ჩვენ არ აგვიღია. ამას გარდა, კიდეც რომ იყოს ეს აფეთქებების ბრალი, მაშინ წყალი სულ უნდა იმღვრეოდეს და არა მხოლოდ წვიმის პერიოდში. საქმე ის არის, რომ იქ, სათავეზე არის კარსტული ტბები, რომლებიც იკვებება წვიმის წყლებით და ამიტომ ხდება ამღვრევა წვიმის დროს. ჩვენ იმ პროექტის მიხედვით ვაწარმოეთ სამუშაოები, რაც მოგვცეს," - ამბობს შპს `ფერის~ გენერალური დირექტორი იოსებ მჭედლიშვილი.
საპროექტო და მშენებელი ფირმების მიერ დაშვებულ შეცდომებს გამორიცხავს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა გოცირიძე.
"ფოთზე გამოყოფილი თანხები არ იყო საკმარისი 100%-ანი რეაბილიტაციისთვის. ამიტომ გადაწყდა პირველ ეტაპზე გადაუდებელი ღონისძებების განხორციელება. პირველ ეტაპზე წყლის გამწმენდი ნაგებობა არ აშენებულა და შესაბამისად, წყლის სიმღვრივეზე მშენებლის (ან ვინმესი) დადანაშაულება არასწორია," - ამბობს ლაშა გოცირიძე. მისივე თქმით, წყლის ამღვრევა ხდება მხოლოდ გადაუღებელი წვიმების შემდეგ. "საპროექტო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ასეთი პერიოდი წელიწადში მაქსიმუმ 2-3 კვირა გრძელდება. საკმაოდ ძვირადღირებული გამწმენდის მშენებლობა (რომელმაც წელიწადში მხოლოდ 2-3 კვირა უნდა იმუშავოს) გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს," - ამბობს ლაშა გოცირიძე.
შპს "დასავლეთის წყლის'; ფოთის სერვის-ცენტრში კი აცხადებენ, რომ წყალი მაშინვე იმღვრევა, როგორც კი გაწვიმდება და არა - გადაუღებელი წვიმების შედეგად. ფოთის სერვის-ცენტრში მომზადებული აქვთ ჩასატარებელი სამუშაოების ნუსხა, რომელშიც მთავარი ადგილი უჭირავს ღროულის სათავე ნაგებობაზე წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის აუცილებლობას, რისთვისაც, მათივე გაანგარიშებით, დამატებით 2 300 000 ევროა საჭირო.
გამოსავლის ძიებაში
იმისათვის, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები მოიძებნოს, უპირველეს ყოვლისა, პრობლემის არსში გარკვევაა აუცილებელი. ამისათვის კი, პრობლემის მიზეზები უნდა იქნას გამოვლენილი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ დრომდე არ მომხდარა იმის შესწავლა, თუ რამ გამოიწვია ფოთში წყალმომარაგების პროექტის განხორციელების შემდეგ დადებითი შედეგების ნაცვლად, დამატებითი პრობლემების წარმოქმნა. ამ საკითხების გასარკვევად ჩვენ ვცადეთ შპს 'დასავლეთის წყლის" გენერალურ დირექტორთან კახა მაღლაკელიძესთან დაკავშირება, თუმცა როგორც ამ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან კიკვიძემ გვითხრა, მაღლაკელიძემ ამ ეტაპზე არ ისურვა ამ საკითხებზე საუბარი. "დასავლეთის წყლის" ფოთის სერვის-ცენტრში კი ამ საკითხებზე ინფორმაცია არ გააჩნიათ. აღნიშნული სერვის-ცენტრის მენეჯერი თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მისი წინამორბედი კი, "ფოთის წყალკანალის" დირექტორი ვლადიმერ მსხილაძე 2009 წლის 10 ივლისს დააკავეს საბიუჯეტო თანხის (800 ათასი ლარის) მითვისების ბრალდებით. სპეციალური საგამოძიებო კომისია არც ფოთის საკრებულოს შეუქმნია ამ საკითხების შესასწავლად.
"ეს საკითხი უნდა იყოს პროკურატურის გამოძიების საგანი და რამდენადაც ვიცი, რაღაც ნაწილში იძიებენ ამ საქმეს და ჩვენ ამ მხრივ მოკვლევას არ ვაწარმოებთ,' - ამბობს სულხან თოლორდავა. პროკურატურას კი ამ დროისთვის, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვლადიმერ მსხილაძე ჰყავს დაკავებული, რომელსაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საპროცესო გარიგების სანაცვლოდ უპირებენ გათავისუფლებას (სხვათაშორის, ფოთში კიდევ ერთი პარადოქსული ამბავი ის აღმოჩნდა, რომ `ფოთის წყალკანალი~ ვლადიმერ მსხილაძის კერძო საკუთრებაში იყო შესახლებული და ამჯერად ფოთის სერვის-ცენტრს ახალი თავშესაფრის მოძიება მოუწევს).
იმ შემთხვევაში, თუკი პროექტის განხორციელების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებში საპროექტო, ან მშენებელი ფირმის ბრალეულობა გამოიკვეთება, სანქციები პროექტის განმახორციელებელ მუნიციპალური განვითარების ფონდსაც გააჩნია: "მგფ-ს მიერ მშენებლებთან გაფორმებულ კონტრაქტებში გათვალისწინებულია დეფექტებზე პასუხისმგებლობის ერთწლიანი პერიოდი. სამუშაოების დასრულების შემდეგ მშენებელს მოაქვს ერთწლიანი საბანკო გარანტია და თუ ამ ერთი წლის განმავლობაში რაიმე ხარვეზი აღმოჩნდება, მშენებელი ვალდებულია უფასოდ გამოასწოროს დეფექტი,'" - ამბობს ლაშა გოცირიძე, თუმცა ასეთი სანქცია ფოთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორი ფირმების მიმართ ჯერჯერობით გამოყენებული არ არის.
როგორც წესი, თავის მხრივ, პროექტის მონიტორინგს დამოუკიდებლად ახორციელებენ აღნიშნული პროექტის დონორი ორგანიზაციები. ჩვენ, ცხადია, დავინტერესდით, თუ რა შეფასება მისცა ფონდმა ათასწლეულის გამოწვევა საქართველომ ფოთის პროექტს, რაზეც ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორისგან ნინო ბერაძისგან ასეთი პასუხი მივიღეთ: "ფოთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა "პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტის' განხორციელებას. პროექტის მიზნები იყო წყლის დებეტის გაზრდა და წყლის ხარისხის გაუჯობესება - მოხდა ახალი წყაროს ათვისება: აშენდა სათავე ნაგებობა ღროულის წყაროზე, ახალი მილსადენი, ახალი საქლორატორო, შესაბამისი აღჭურვილობით; ენერგოეფექტურ სისტემაზე გადასვლა - ელექტრო საქაჩებზე დამოკიდებული სისტემიდან ფოთის წყალმომარაგება თვითდინებით სისტემაზე გადავიდა, შემცირდა მოვლა-შენახვის ხარჯები.
გარდა ამისა, გადაიდგა პირველი ნაბიჯები წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესებისთვის: დამონტაჟდა მრიცხველები, მოხდა ქალაქის შიდა ქსელის 35%-ის რეაბილიტაცია და მთლიანი ქსელის სექტორიზაცია (წყლის მოწოდების და წნევების სწორი მართვისთვის). პროექტი არ ითვალისწინებდა ქალაქის შიდა ქსელის 100%-ის რეაბილიტაციას. თავიდანვე გათვალისწინებული იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ (ანუ წყლის დებეტის და წნევის გაზრდის შემდეგ) სისტემაში და, განსაკუთრებით კი, ქსელში თავს იჩენდა ახალი დაზიანებები, რაც მე-2 ეტაპის სამუშაოების საგანი უნდა იყოს".
რაც შეეხება მეორე ეტაპის სამუშაოების დაფინანსების პერსპექტივებს, ამასთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი ჯერჯერობით მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ გააკეთა: „გარწმუნებთ, რომ არც ერთ ქვეყანაში გამოუყენებლად იმდენი წყალი არ იღვრება, რამდენიც - ფოთში. შიდა ქსელი მთლიანად ამორტიზირებულია, ამიტომაც ჩვენ ვდებთ დამატებით 5 მილიონ 500 ათას დოლარს, რათა მთლიანად შეიცვალოს ფოთის წყალსაკანალიზაციო შიდა ქსელი,'"- განაცხადა მან.
შპს "დასავლეთის წყლის" ფოთის სერვის-ცენტრის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვით კი ფოთის წყლის სისტემის სრულყოფილად რეაბილიტაციისთვის დამატებით 33 370 000 ევროა საჭირო. ამ დრომდე კი ფოთში 27 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა, თუმცა, რეალურად, ქალაქში წყლით მომარაგების გრაფიკი პრაქტიკულად არ შეცვლილა.
|