ამ სქემის მიხედვით, პირველ რიგში, ქალაქში ე.წ. "მარშუტკების' რაოდენობა მცირდება და ავტობუსების რაოდენობა იზრდება. დღეისათვის ქალაქს 265 სატრანსპორტო საშუალება ემსახურება. აქედან, 185 მიკროავტობუსია და 80 - ავტობუსი. ახალი სქემის ამუშავების შემდეგ ქუთაისში ყოველდღიურად 155 მიკროავტობუსი და 100 ავტობუსი იმოძრავებს. მიუხედავად იმისა, რომ სქემის თავდაპირველ ვარიანტში მიკროავტბუსების ოდენობა 80-მდე უნდა შემცირებულიყო, მძღოლებმა თავიანთი უფლებების დაცვა მოახერხეს და ქუთაისის მერიას მთელ რიგ დათმობებზე მოუწია წასვლა.
მიმდინარე წლის 29-30 ივლისს თბილისში ქუთაისელი მძღოლების აქცია გაიმართა. "მიშა, გვიშველე!" - ამ მესიჯით მძღოლებმა უშუალოდ პრეზიდენტს მიმართეს დასახმარებლად. მათი უკმაყოფილების მიზეზი სწორედ აღნიშნული სატრანსპორტო სქემა გახდა, რომელიც ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მეცნიერებთან ერთად შეიმუშავა.
"ახალ, რეფორმირებულ სქემაში 14 სამარშრუტო ხაზი აღარ აღმოჩნდა. უმუშევრობის საფრთხე დაემუქრა 270 მძღოლსა და 4-5 ფირმაში დასაქმებულ პერსონალს, რომელიც ამ ხაზებს ემსახურებოდა.
თავდაპირველად დახმარების თხოვნით მძღოლებმა ჩვენ მოგვმართეს. ქუთაისში შემოვიარეთ ყველა ინსტანცია, წერილობითაც მივმართეთ ქალაქის მერიას. თუმცა, ერთი ჩამოყალიბებული პასუხი ვერავისაგან მივიღეთ. მხოლოდ, ზოგადად, გვპირდებოდნენ, რომ ამ ხალხს ახალ სქემაში აუცილებლად ვამუშავებთო. ხოლო როდესაც კონკრეტიკაზე მიდგებოდა ხოლმე საკითხი, ვერავინ გვეუბნებოდა, სად უნდა ემუშავა ამ ხალხს.
ბოლოს, 28 ივლისს მერი შეხვდა ყველა ბაზის წარმომადგენელს, მაგრამ იქაც ვერ მივიღეთ რაიმე დადებითი პასუხი. ამის შემდეგ გამოვედი მძღოლებთან, რომლებიც გარეთ მელოდებოდნენ და ვუთხარი, რომ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ახლა როგორ მოიქცევით, თავად გადაწყვიტეთ-თქო. ჰოდა, დაიძრა ეს ხალხი თბილისისაკენ, იქნებ, იქიდან მაინც შევძლოთ ამ საქმის მოგვარებაო", - ამბობს ტრანსპორტში დასაქმებული კერძო მეწარმეებისა და პროფესიონალ მძღოლთა კავშირის თავმჯდომარე თენგიზ კაჭახიძე.
მძღოლების ორდღიანმა აქციამ შედეგი მართლაც გამოიღო. საკითხის გასარკვევად საქმეში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ჩაერთო. თბილისში მიიწვიეს ქუთაისის მერი. როგორც ცნობილია, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილის ჯამბულ ბაკურაძის შუამავლობით შედგა მოლაპარაკება ირაკლი პეტრიაშვილსა და ნუგზარ შამუგიას შორის. ამ მოლაპარაკებაზე გადაწყდა, შეექმნათ საგზაო მოძრაობის და მგზავრთა ნაკადის შემსწავლელი დროებითი კომისია, რომელიც დეტალურად შეისწავლიდა პრობლემას და რეკომენდაციებსაც დადებდა. კომისიამ, რომელიც დარგის სპეციალისტი ექსპერტის, პარლამენტის, მერიის, პროფკავშირებისა და მძღოლთა კავშირის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული, 1-დან 19 აგვისტომადე იმუშავა და შესაბამისი დასკვნაც დადო.
ექვსგვერდიან დასკვნაში ვრცლადაა საუბარი ყველა იმ ხარვეზზე, რომელიც კომისიამ მერიის მიერ მეცნიერულად დამუშავებულ სქემებში აღმოაჩინა. პირველ რიგში, ეს ეხება "ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა და მომსახურების წეს"~, რომელიც საკრებულომ 2009 წლის 24 ივნისს მიიღო.
"ეს წესი, ზოგიერთი ცვლილების გარდა, იმეორებს წინა სანებართვო წესს, რომლის მიხედვითაც ჩატარებულმა სანებართვო კონკურსებმა, ამჟამად კონკურსის ჩატარების ორგანიზატორთა განმარტებით, ვერ უზრუნველყო ქუთაისის საქალაქო სამგზავრო გადაყვანების მგზავრთა საჭირო დონის მომსახურება. ახალი განსახილველი წესიც, ჩვენი აზრით, ვერ უზრუნელყოფს იმ ახალი ამოცანების შესრულებას, რომელიც სანებართვო კონკურსის ორგანიზატორებს აქვთ ჩაფიქრებული," - ვკითხულობთ კომისიის დასკვნაში.
ამავე დასკვნაში მკაფიოდაა განმარტებული, რომ ამ წესში არასწორადაა განმარტებული ტერმინები. შეცდომითაა ნაჩვენები ავტობუსის პარამეტრები და ტიპები. რაც შეეხება უშუალოდ სამგზავრო-სატრანსპორტო სქემას, რომლის პრეზენატაცია ქუთაისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გასული წლის ნოემბერში დიდი ზარ-ზეიმით ჩაატარა, კომისიამ ისიც დაიწუნა (აღნიშნული სქემა აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა - დათო კბილაშვილმა, გოჩა ლეკვეიშვილმა და გელა ლოსაბერიძემ შეიმუშავეს).
"წარმოდგენილი სქემები გასაერთიაენებელია და დასამუშავებელია, როგორც სტრუქტურულად, ასევე, მასში მოყვანილი მონაცემების სრულყოფის თვალსარისით. ამ სქემებითა და მეთოდებით გადამზიდავის სანებართვო კონკურსი ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას," - ნათქვამია დასკვნაში.
ამ დასკვნის გამოქვეყნების პარალელურად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარესა და ქალაქის მერს შორის დაიდო შეთანმხება. ამ შეთანხმების მიხედვით, გაუქმებული 14 ხაზიდან სრულად აღსდგა 8 ხაზი, ხოლო 4 - ნაწილობრივ.
#1 მარჯვენა და #1 მარცხენა საავტობუსო მარშრუტების ოპერირებაზე ნებართვის მქონე გადამზიდებს შორის უნდა გაფორმდეს კოლექტიური ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც გადამზიდველები ყოფილ #1 და #2 მიკროსაატობუსო მარშრუტზე დაასაქმებენ ყოველდღიურად ხუთ-ხუთ ერთეულ მიკროავტობუსს.
"კონფლიქტი ამოწურულია. მივაღწიეთ საბოლოო შეთანხმებას. 19 სექტემბამდე "მარშუტკები' იმუშავებენ ჩვეულებრივად, როგორც აქამდე მუშაობდნენ. უკვე მზადდება დოკუმენტაცია, მომდევნო კვირაში გამოცხადდება კონკურს-დათვალიერება ახალი სანებართვო მოწმობების მისაღებად და ვინც იქნება გამარჯვებული, მათთვის იქნება ახალი პირობებიც. კერძოდ, თუ ადრე #1 მარჯვენა და მარცხენა წრიულზე მუშაობდა 10 მიკროავტობუსი, იმუშავებს ხუთი. სამაგიეროდ, #25 სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა 15 მიკროავტობუსი და დავტოვეთ ყველა. გაუქმდა #31 სამარშრუტო ხაზი, მაგრამ მივეცით ალტერნატიული სვლაგეზი. გადაზიდვის უფლებას მიიღებს ის ფირმა, რომელსაც ნორმალური და თანამედროე ბაზა გააჩნია," - ამბობს მერიის ტრანსოპრტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიტალი ბოჭორიშვილი.
მიუხედავად არსებული შეთანხმებისა, მიკროავტობუსების მძღოლები მაინც უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მათ უმრავლესობას ე.წ. `სპრინტერები~ კრედიტებით აქვთ შეძენილი, ვალის დაფარვის საკითხი კი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
"ორი თვეა ვარკვევთ ამ საკითხს და ჯერ კიდევ არაფერია გარკვეული. წინა წლებში მერიამ გაზარდა `მარშუტკების~ რიცხვი. #1 ხაზზე 13 `მარშუტკა~ ვმოძრაობდით, ახლა რომ დატოვეს 5, ეს ხაზი აღარ იმუშავებს, რადგან წლების მანძილზე მგზავრი მიეჩვია სწრაფად გადაადგილებას და ახლა 10 წუთიანი ლოდინი მოუწევს. ამდენ ხანს კი მგზავრი არ დაგელოდება. საიდან უნდა დავფაროთ ეს კრედიტები, არ ვიცი. 600 დოლარს ვიხდი ყოველთვიურად. შემოსავლი თუ შემიმცირდა, როგორღა უნდა გადავიხადო?' - ამბობს სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი ბადრი ბოგვერაძე.
ცალკე თემაა იმ ავტობუსების ხარისხი, რომელიც ცალკეულ კერძო კომპანიებს ჩამოყავს და რომლითაც აპირებს ქალაქის ხელისუფლება მიკროავტბუსების ჩანაცვლებას. "ქალაქში ჩამოდის ძალიან უხარისხო ავტობუსები. ზოგადად, რეფორმის მიზანი არის მომსახურების ხარისხის გაზრდა, მომხმარებლისათვის გაცილებით მაღალი კომფორტის შეთავაზება. რეალობა კი ასეთია: ქალაქში ახლადშემოყვანილი ავტობუსების ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე იმ მიკროავტობუსებისა, რომლის შეზღუდვაც უნდა მერიას," - ამბობს საკრებულოს "რესპუბლიკელი" წევრი ვლადიმერ ნაკაშიძე.
სექტემბერში სანებართვო მოწმობების მისაღებად კონკურსი-დათვალიერება 25 მიკროსაავტობუსო და 12 საავტობუსო მარშრუტზე ჩატარდება. გარდა ამისა, რამდენიმე ხაზზე 2010 და 2012 წლამდე ნებართვა უკვე გაცემულია. აღნიშნული ნებართვები 2007 წელს გაიცა და ამ ხაზების მფლობელებს 2012 წლამდე არაფერი ემუქრებათ.
2012 წლამდე სამარშრუტო ხაზებს, ძირითადად, შპს `სამგზავრო 2007~ (#46, #16, #42) და შპს `ტრანსკონტინენტალ ჯორჯია~ (#21, #22, #23) ფლობს. ხოლო საავტობუსო ხაზებს - `თეგეტა მოტორსის~ მფლობელობაში მყოფი შპს `სამგზავრო~. ასევე შპს `სამგზავრო~ 2010 წლამდე ფლობს #33 საავტობუსო და #26 მიკროსაავტობუსო სამარშრუტო ხაზს. ამასთან, შპს `სამგზავრომ~ შეიერთა შპს `სანი~-ს კუთვნილი #1 მარჯვენა წრიულის სამარშრუტო ხაზიც.
საინტერესოა კიდევ ერთი მომენტი: შპს `სამგზავროს~ დირექტორი ზაალ სახელაშვილი ამავდროულად არის შპს `სამგზავრო 2007~-სა და შპს `ტრანკონტინენტალ ჯორჯიას~ დამფუძნებელი. ზაალ სახელაშვილი ამ რამდენიმე წლის წინ ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში მუშაობდა.
მაღალჩინოსანთა ინტერესებზე საქალაქო ტრანსპორტში 2004 წელს ჩატარებული ტენდერის დროსაც საუბრობდნენ, მაგრამ დღეს ყველა მნიშვნელოვან ხაზს უშუალოდ ნუგზარ შამუგიას სახელს უკავშირებენ. აქციის მიმდინარეობის პერიოდში მძღოლები ამბობდნენ, რომ #100 და #50 სამარშრუტო ხაზი სწორედ ქალაქის მერის კუთვნილება იყო. ამ საკითხზე საუბრები მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც საყოველთაო გაფიცვის დროს ქალაქში მხოლოდ ეს მიკროავტობუსები მოძრაობდნენ. ოფიციალურად, ეს ხაზები შპს `ავტოტრანსკორპორაციის~ კუთვნილებაშია. მისი დირექტორის დავით მატარაძის თქმით, მათ არ ჩათვალეს საჭიროდ გაფიცულიყვნენ.
"პრობლემები #50-საც ჰქონდა, მაგრამ ჩვენ მაინც არ გაგვიპროტესტებია. უბრალოდ, არ ჩავთვალეთ საჭიროდ ამ აქციაში მიგვეღო მონაწილეობა. #100 მიკროსაავტობუსო მარშრუტი არანაირად არ ეკუთვნის ნუგზარ შამუგიას. არანაირი ურთიერთობა არ მაქვს მასთან, ვიცი, რომ არის ქალაქის მერი. თუ დაიჯერებთ, მის კაბინეტშიც არ ვარ ნამყოფი. #50 მარშრუტი ეპარქიის თხოვნით გაიხსნა და არც აქაა რაიმე შუაში ნუგზარი," - ამბობს დავით მატარაძე.
ქალაქის მერი ნუგზარ შამუგია საჯაროდ აცხადებდა, რომ არავითარ დათმობებზე არ წავიდოდა მიკროავტობუსების მძღოლებთან, რომლებიც ახალ სატრანსპორტო სქემას იმთავითვე აპროტესტებდნენ, თუმცა, აშკარაა, რომ მძღოლების `მიშა, გვიშველე~-ს აქციამ შამუგიას პრინციპულობა შეარყია.
მანანა ქველიაშვილი
|