აღნიშნულ საწარმოს გადაეცა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული რამდენიმე მილიონის ღირებულების ქონება და 15 ჰა მიწის ფართობი (ქალაქის ნაგავსაყრელი). სწორედ შპს "მწვანე ქუთაისსა" და "რაფანოსერვისს" შორის უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, რომლის შემდეგაც იტალიური მხარე ქუთაისში ამ სფეროში ინვესტიციას დააბანდებს.
"მწვანე ქუთაისი" შეიქმნა იმიტომ, რომ გამოჩნდა ინვესტორი, რომელმაც სურვილი გამოთქვა ქუთაისში დასუფთავების მთლიანი სერვისი განეხორციელებინა. როდესაც გაფორმდება ხელშეკრულება და "რაფანოსერვისი" დაიწყებს სამუშაოების შესრულებას, პირველ რიგში, მოწესრიგდება ნაგავსაყრელი. იქ სტიქიურად არ იქნება ნაგავი გაფენილი, მოხდება ნარჩენების დახარისხება და ამ ნარჩენებისაგან მიიღებენ სასარგებლო პროდუქტს. გარდა ამისა, დაიდგმება რამოდენიმე ათასი ურნა, ახალი ტექნიკა, შემოვა ავტომანქანები, ნაგავსყრელზე რამოდენიმე ექსკავატორი და ტრაქტორი იქნება, რომელიც ცივილიზებულად მოახდენს ნარჩენების სეპარაციას," - ამბობს მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ კილაძე.
ცნობისათვის, ქუთაისის ბიუჯეტიდან დასუფთავებისათვის მიმდინარე წელს 1,750 ათასი ლარია გამოყოფილი. ქალაქის დასუფთავებას სამი ფირმა შპს "სუფთა ქუთაისი", შპს "ქალაქსერვისი" და საბინაო საექსპლუატაციო საწარმო ახორციელებს. ამ ფირმებს ქუთაისის დასუფთავებაზე მრავალწლიანი ტენდერი აქვთ მოგებული, თუმცა როგორც ირკვევა, მათი შემოსავლები 2010 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდება. მერიაში განგვიცხადეს, რომ აღნიშნულმა ფირმებმა ნებაყოფლობით თქვეს უარი ქალაქის მომსახურებაზე და ასპარეზი შპს "მწვანე ქუთაისს" დაუთმეს. "მწვანე ქუთაისმაც" მათ გაწეული "მსხვერპლი" არ დაუკარგა და სამივე ფირმა ქვეკონტრაქტორებად აიყვანა.
შპს "მწვანე ქუთაისის" ხელმძღვანელი ელგუჯა ჭანტურიძე გახდა, რომელიც მანამდე იტალიური მხარის თარჯიმანი იყო. სავარაუდოდ, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ახლადშექმნილ საწარმოს უშუალოდ "რაფანოსერვისის" წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.
"ჩვენ მოგვივიდა წერილი მერიიდან, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობდა ადრე გაფორმებული ხელშეკრულება შეგვეწყვიტა და ქვეკონტრაქტორად გადავსულიყავით. ჩემთვის პირად ინტერესებზე მაღლა ქალაქის ინტერესები დგას. მართალია, მომავალი წლიდან შემოსავალი შეგვიმცირდება, მაგრამ სულ არაობას ჯობია," - ასეთია შპს "სუფთა ქუთაისის" ხელმძღვანელის გივი ალავიძის პოზიცია.
"წერილი მივიღეთ მერიიდან, იტალიელები შემოდიან და სამი მილიონის ინვესტიციას დებენო. ჩვენ კრედიტები გვაქვს აღებული და ამდენის საშუალება არ გვქონდა. იძულებული გავხდით დაგვერღვია ხელშეკრულება და ქვეკონტრაქტორობაზე დავთანხმებულიყავით.
|