საწყისი  საიტის რუკა  კონტაქტი
http://www.akhali-gazeti.ge

2010  5  სექტემბერი,  კვირა
 
 
 ძიება საიტზე

 რეკლამა





მშენებლობით უკმაყოფილო დევნილები

თითოეული ოჯახისთვის გათვალისწინებულია 40მ2 ფართი. მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, აშშ-ს განვითარების სააგენტო, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი და ა.შ. - ეს ის დონორი ორგანიზაცებია, რომლებმაც დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებით უზრუნველყოფისთვის სოლიდური დაფინანსება გამოუყო საქართველოს მთვარობას. ფოთში იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებით უზრუნველყოფის პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომელმაც შესაბამისი სამუშაოების ჩატარების მიზნით უკვე ჩაატარა 4 ტენდერი და გამოყო 5 მილიონამდე ლარი. თუმცა, ფოთში სახლების რეაბილიტაციისთვის გაღებული ფულადი დახმარება გაცილებით მეტია, რადგან რამდენიმე დღის წინ მგფ-მ კიდევ ერთი ტენდერი ჩაატარა. არასწორად დაგეგმილი სამუშაოები და უხარისხო მშენებლობა - ეს ის საკითხებია, რაზედაც ფოთში მცხოვრები დევნილები საუბრობენ.

ამ დროისთვის ფოთში 7113 დევნილი ცხოვრობს, 2230 მათგანი კი 14 კოლექტიურ ცენტრშია შესახლებული. სტრატეგიის სამოქმედო გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე სწორედ ამ უკანასკნელთა დაკმაყოფილება უნდა მოხდეს საცხოვრებელი ბინებით. სარეაბილიტაციო ობიექტების სია, სადაც ამ დროისთვის დევნილები ცხოვრობენ, მუნიციპალური განვითარების ფონდს ლტოლვილთა და განსახლებისა და იუსტიციის სამინისტროებმა გადასცეს.

ფონდმა თითოეული შენობის მდგომარეობა შეისწავლა და დაადგინა შესასრულებელი სამუშაოების სახეობა: კარ-ფანჯრების შეცვლა, იატაკის დაგება-შეღებვა, კედლების გალესვა, სველი წერტილების, სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების რეაბილიტაცია, შენობის ფასადის შეკეთება - ასე გამოიყურება პროექტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოების ნუსხა.

ფოთში, სასწავლო ცენტრის პირველი, მეორე და მესამე კორპუსი, ყოფილი საზღვაო სასწავლებელი ე.წ. "შმო”, #201 ქარხნის საერთო საცხოვრებელი, ციტრუსების მეურნეობის ბაგა-ბაღი, ჰიდრომექანიზმების ბაგა-ბაღი, ფოთი-გაზის ადმინისტრაცია, ყოფილი პროფ-ტექნიკუმი, მალთაყვის პირველი, მეორე და მესამე სახლი - ეს იმ შენობების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც დევნილები არიან შესახლებულნი. ზოგიერთ მათგანში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

სამშენებლო ფირმები მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერის გზით შეარჩია. ესენი არიან: შპს "ნიუ ენერჯი", შპს "დასავლეთსაქგაზმშენი" და შპს "დაგი". ამ უკანასკნელმა ორ ტენდერში გაიმარჯვა. თითოეულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად შესაბამისი ვადები განესაზღვრა. ასეთი საკონტრაქტო ვადის თანახმად, შპს "ნიუ ენერჯის" სამუშაოები 9 სექტემბერს უნდა დაესრულებინა, რაც ამ დრომდე არ მომხდარა. კომპანია სამუშაოებს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე (ბინა #1 და #2) აწარმოებს. საერთო ჯამში, აღნიშნულ კონტრაქტორს 901 752 ლარად 220 ბინის მშენებლობა უნდა განეხორცილებინა, მათ შორის სასტუმროს შენობებში განთავსებულ საცხოვრებელ ბინებშიც, თუმცა, როგორც ირკვევა, სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროს შენობაში მშენებლობა შეჩერდა.

კომპანია "ნიუ ენერჯის" წარმომადგნელის ხათუნა ლაზვიაშვილის განცხადებით, პრობლემები შენობაში მცხოვრები დევნილების მხირდან წარმოიშვა. "ვერ მოხდა შეთანხმება დევნილებთან. მათ ჩვენთვის მიუღებელი პრეტენზიები ჰქონდათ და ამის გამო შეჩერდა მშენებლობა, თანხა კი უკან დაბრუნდა," - ამბობს ხათუნა ლაზვიაშვილი. მისი თქმით, სხვა ობიექტებთან დაკავშირებით პრობლემები არ ყოფილა. თუმცა, მშენებლობის პროცესი ძალიან რთული იყო, რადგან დევნილებს შენობა არ დაუცლიათ. "მშენებლობა 9 სექტემბერს დასრულდა, ახლა ერთეული ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს და თვის ბოლოდმე ყველაფერი გამოსწორდება. რთულ პირობებში ვმუშაობდით. საერთოდ, არ შეიძლება შენობაში თან ცხოვრობდეს ხალხი და თან მშენებლობა მიმდინარეობდეს. თავიდან იყო გაუგებრობები, შენობაში არ გვიშვებდნენ,' - ამბობს კომპანია "ნიუ ენერჯის" წარმომადგენელი.

თუმცა, მშენებლობის დასრულების ფაქტს არ ადასტურებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში. რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობას სწორედ მგფ აკონტროლებს. "ჩვენ კიდევ გვაქვს ორკვირიანი ვადა, რომ ობიექტების დასრულება მოხდეს", - ამბობს მუნიციპალური განვითარების ფონდის კოორდინატორი ფოთში ზაზა ფირცხალეიშვილი. მისი თქმით, "პატარ-პატარა შეფერხებები, რაც იყო ვადებთან დაკავშირებით, დევნილებს უკავშირდება. რადგან სარეაბილიტაციო ობიექტების დაცლა მაცხოვრებლებისგან არ მომხდარა, რაც, ბუნებრივია, აფერხებს მშენებლობის ტემპს. გარდა ამისა, მშენებლობის პროცესში მობინადრეები აყენებენ სხვადასხვა მოთხოვნებს, რის გამოც ხდება შესაბამისი ცვლილელების შეტანა პროექტებში და დამატებითი სამუშაოების შესრულება."

დევნილების განცხადებით, კი მათ აზრს არავინ ითვალისწინებს. იმ ფაქტს, რომ მშენებლობის დროს დევნილებს საცხოვრებელი ფართები არ დაუტოვებიათ, თავად იძულებით გადაადგილებული პირებიც ადასტურებენ, თუმცა ამას იმით ხსნიან, რომ წასასვლელი არსად ჰქონდათ. "მშენებლობა რამდენჯერმე შეჩერდა: კარ-ფანჯრები მოხსნეს, იატაკი აყარეს, შენობა ლამის კარკასად აქციეს და შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სამშენებლო მასალები არ ჰქონდათ. რადგან არც სხვაგან წასასვლელი გვქონდა და არც ქირით გადასვლის საშუალება, ოთახიდან ოთახში გადავდიოდით, ავეჯი ლამის თავზე გველაგა. გაუსაძლის პირობებში ცხოვრება რამდენიმე კვირა მოგვიწია," - ამბობს ნაბადის უბანში, სასწავლო ცენტრის მეორე კროპუში მცხოვრები დევნილი ლალი ჯოლოხავა.

ანალოგიური პრობლემები წარმოიშვა სხვა კოლექტიურ ცენტრებშიც, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დევნილებს იმედი აქვთ, რომ სარემონტო სამუშაოები ზამთრის დადგომამდე მაინც დასრულდება. შპს "ნიუ ენერჯი" არ არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც სამუშაოები განსაზღვრულ დროში ვერ შეასრულა. საკონტრაქტო ვადა 23 სექტემბერს შპს "დაგისაც" ამოეწურება. ამ ფირმამ 2 ტენდერში გაიმარჯვა: ერთი კონტრაქტის თანახმად, მან 1 288 013 ლარად 164 ბინა უნდა გაარემონტოს (#201 ქარხნის საერთო საცხოვრებელში, ჰიდრომექანიზმის ქარხნის ბაღის, პროფტექნიკუმის, ფოთი-გაზის ადმინსიტრაციის და ბარათაშვილის ქუჩაზე განთავსებულ საცხოვრებელ ბინებში). მეორე კონტრაქტით კი, "დაგი" სამუშაოებს დანელის ქ. #4-ში განთავსებულ მრავალსართულიან საცხოვრებელი სახლში, "ემუს" ქარხნის ტერიოტირაზე მდებარე ბაღში და მალთაყვის ტურბაზის #1, #2 და #3 კორპუსებში ახორციელებს, სადაც 177 ბინის რეაბილიტაცია 7 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. ამ სამუშაოების ფაქტიური ღირებულება 1 399 992 ლარს შეადგენს.

შპს "დასავლეთსაქგაზმშენს" მშენებლობის დასასრულებლად ვადა 2010 წლის 10 იანვრამდე აქვს. აღნიშნული კომპანია ფოთში ორსართულიანი კოლეჯისა და ვეძისში მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოებს 25 მაისიდან აწარმოებს. ჯამში, 92 ბინის რეაბლიტაციის ფაქტიური ღირებულება 1 213 718 ლარითაა განსაზღვრული. მიუხედავად იმისა, რომ ფოთში ამ დრომდე არც ერთი მშენებლობა არ დასრულებულა, მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ სამუშაოები გეგმის მიხედვით მიდის.

"მესმის, ყველას უნდა რემონტის ადრე დასრულება, მაგრამ დევნილებს პრეტენზიების გამოთქმის უფლება არა აქვთ, რადგან ვადები არ დარღვეულა. ამ ხნის განმავლობაში არანაირი დაბრკოლება არ ყოფილა და მშენებლობა არც ერთ ობოექტზე არ შეჩერებულა. ისინი გარემონტებულ ფართებს ჩაიბარებენ," - ამბობს ზაზა ფირცხალეიშვილი. მისი თქმით, სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსის ქეითლინ რაიანის თქმით, მშენებლობის ხარიხსის შეფასება შესაბამისი საინჟინრო და ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე შეუძლებელია. ასეთი ტიპის ექსპერტიზის ამსახველი დოკუმენტი კი ფოთთან დაკავშირებით ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ.

7 სექტემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ერთი ტენდერი ჩაატარა, რომელიც ფოთში საცხოვრებელი უბნის მშენებლობას ითვალისწინებს. ტენდერი 15 ლოტზე ჩატარდა და საკმაოდ მრავალრიცხოვანი სამუშაობის შესასრულებლად ვადა 18 თვით განისაზღვრა. როგორც სატენდერო წინადადებებით ხდება ცნობილი, სამშენებლო ობიექტი წარმოადგენეს საცხოვრებელ უბანს ქალაქ ფოთში, მალთაყვისკენ მიმავალ გზაზე, გურიის ქუჩასა და ზღვას შორის, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საცხოვრებელი უბანი ორი ტიპის საცხოვრებელი სახლისგან შედგება: 16 სახლი ("ა ტიპის") ხუთსართულიანი და 14 სახლი ("ბ ტიპის") ოთხსართულიანი იქნება. მშენებლობის დასრულების შემდეგ იქ სულ 1088 ოჯახი უნდა განთავსდეს. არც ამ და არც სხვა მშენებლობის შესახებ ფოთში მცხოვრებმა დევნილებმა არაფერი იციან. ამბობენ, რომ მათთვის არავის გაუცვნია პროექტი სახელმწიფოს მიერ მათ დროებით საცხოვრებლებში ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. ინფორმაციის სიმწირის გამო კი, დევნილები დღემდე გაურკვეველ მდგომარეობაში არიან.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსის თქმით, დევნილებს მწირი ინფორმაცია აქვთ მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით. ქეთლინ რაიანი ამბობს, რომ მგფ გამოყოფილი შენობების რეკონსტრუქცია-მშენებლობაზეა პასუხისმგებელი და რომ მის ფუნქციებში არ შედის დევნილთა ინფორმირებულობა. აღნიშნული საქმიანობა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უნდა განეხორციელებინა.

"სამწუხაროდ, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საქმიანობებს შორის გაწყვეტილია კავშირი, რაც იწვევს დიდ პრობლემებს დევნილებთან მიმართებაში," - ამბობს ქეითლინ რაიანი. მისივე თქმით, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა ძალიან ზოგადი დოკუმენტია, დევნილების პრობლემატიკა კი განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომაც აუცილებელია სახელმწიფო მხრიდან კონკრეტული გეგმების შემუშავება.



2009-09-25
 

უკან



ძებნა თარიღით

            

სექტემბერი 2010
ორსამოთხხუთპარშაბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930



უკან




 სექტემბერი 2010
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

 რეკლამა


 
PDF Version გაზეთის PDF ვერსია   ჩვენს შესახებ რეკლამა საიტზე და გაზეთში ფოტო გალერეა კონტაქტი
Copyright© 2009 | All Rights Preserved Designed by SPAR