მიხეილ ჩოგოვაძასთან მიმართებაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილების თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდში გავრცელდა. ამბობდნენ, რომ ყოფილ საოლქო პროკურორს მთავარ პროკურატურაში უპირებდნენ დაწინაურებას. მიხეილ ჩოგოვაძეს სამსახური ჯერ არ შეუცვლია, მაგრამ გასულ კვირას მან შვებულებაში გასვლა გადაწყვიტა.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზეინაბ ხაჩიძემ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული 24 სექტემბრიდან კუთვნილი შვებულებით სარგებლობს. "მიხეილ ჩოგოვბაძე შვებულებაშია, მისი დაწინაურების შესახებ ინფორამცია ადრეც გავრცელდა, მაგრამ იმ პროექტები, რომლებიც დაწყებული აქვს მას, სავარაუდოდ, შუაგზაში არ მიატოვებს. როგორც გვითხრა, ამ შვებულების პერიოდში არქეოლოგიურ გათხრებში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ არ ჩავეძიეთ და არც თავად უთქვამს მეტი," - ამბობს ზეინაბ ხაჩიძე.
გაცილებით მეტი ინფორმაცია მოგვაწოდა გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ლაშა კილაძემ, რომელიც ამჟამად პორეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას ასრულებს იმერეთში. მისი თქმით, ჩოგოვაძე შვებულებიდან 8 ოქტომბერს გამოვა. შვებულების პერიოდს ჩოგოვაძე კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორთან - ნიკა ვაჩეიშვილთან ერთად გაატერბს კვიპროსში.
"კვიპროსში მიდის, მონაწილეობას მიიღებს არქეოლოგიური გათხრების სამუშაოებში. რაც შეეხება მისი ამ თანამდებობიდან წასვლას, ეს მეც მსმენია, რომელსაც, როგორც წესი, ჭორს ვეძახით ხოლმე. ამ მომენტისათვის ამას რეალური საფუძველი არ აქვს. პროექტებს, რომელიც ხორციელდება ქუთაისში, ყველაზე კარგად ჩოგოვაძე იცნობს და არა მგონია, დიდ მიშას უნდოდეს მისი აქედან გადაყვანა. ინდუსტრიული ზონის რეაბილიტაცია უკვე სახეზეა. მალე ქუთაისში კიდევ ერთი ახალი ინვესტიცია ხორციელდება, რაშიც სერიოზული თანხა იდება. საუბარია ჩინურ ინვესტიციაზე. 12-13 ოქტომბერს ხელი მოეწერება მემორანდუმს, სადაც ოფიციალურად გავრცელდება ინფორმაცია კონკრეტული თემების მიხედვით, ახლა შემიძლია გითხრათ, რომ მემორანდუმში იდება მუხლი 90% ადგილობრივი კადრის დასაქმების თაობაზე," - ამბობს ლაშა კილაძე.
რაც შეეხება იმას, დაგეგმილია თუ არა გუბერნატორის სამხარეო ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია, ლაშა კილაძე ამბობს, რომ ამის საჭიროება ქუთაისის მერიაში უფრო არსებობს, ვიდრე სამხარეო ადმინისტრაციაში.
"ეს საკითხი რეალურად დადგა დღის წესრიგში ჯერ კიდევ შარშან, მაგრამ აგვისტოს მოვლენებმა შეაჩერეს ეს პროცესი. ჩვენ ვთანამშრომლობდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც მოგვცეს რეკომენდაციები, როგორ უნდა ყოფილიყო უფრო მოქნილი სამსახური. მაგალითად, ვერ ვგებულობ, რა განსხვავებაა კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურს შორის და რატომ უნდა იყოს ცალ-ცალკე სამსახურებად?! როგორც ვიცი, ერთიანდება, ასევე, იურიდიული და კონტროლის სამსახურები. ეს შესაბამისად გამოიწვევს შტატების შემცირებას, მაგრამ შემცირება თვითმიზანი არ შეიძლება იყოს. სისტემა უნდა იყოს მოქნილი და ეფექტური. არ უნდა მოხდეს სტრუქტურების პარალელიზაცია. მოგეხსენებათ, 7 ძიძის ხელში ბავშვს რაც მოსდის," - ამბობს კილაძე.
იმერეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში ამჟამად 38 ადამიანია დასაქმებული, აქედან 6 თანამშრომელი ხელშეკრულებით მუშაობს. ამ სტრუქტურაში რეორგანიზაცია მხოლოდ პრეზიდენტის დადგენილების საფუძველზე ხორციელდება, რომელიც ჯერ არ გამოსულა.
სოფიკო ყანჩაველი
|