საწყისი  საიტის რუკა  კონტაქტი
http://www.akhali-gazeti.ge

2010  5  სექტემბერი,  კვირა
 
 
 ძიება საიტზე

 რეკლამა





"იუმორი ცხოვრებაშიც მართობს და მახალისებს"

 - 10 წლის მანძილზე ვიყავი წასული მესხიშვილის თეატრიდან სატირისა და იუმორის თეატრში. ორი კურდღლის მადევარი ხომ ვერც ერთს ვერ დაიჭერს?! ამიტომ ვამჯობინე მხოლოდ ერთი საქმისთვის მომეკიდებინა ხელი. მჯერა, რომ ამ 12-13 წლის მანძილზე ხალხს დიდი სიამოვნება და სიხარული მივანიჭეთ.

- არ გაგიჭირდათ იმ საკმაოდ რთულ პერიოდში თეატრის შექმნა?

- პირველი ორი წელი არც ისე იოლი აღმოჩნდა ჩვენთვის. თავიდან მაყურებელი მე უფრო მიცნობდა. ცოტა ხანში სხვებიც გაიცნეს. ჩვენი კონცერტები ანშლაგით მიდიოდა. არასოდეს დამავიწყდება გრიბოედოვის თეატრში ჩატარებული კონცერტები. ზოგი წერილს გვიგზავნიდა, ზოგიც გვეფერებოდა. სამჯერ ვიყავი მიწვეული იუმორინაზე. 2007-08 წლებში გასტროლებზე ვიყავით ისრაელში: თბილი შეხვედრები გვქონდა იქაურ მაყურებელთან. ქართველი ებრაელები ძალიან დაგვიდგნენ გვერდით. იქ ყოფნის მანძილზე ბევრი რამ ვნახეთ. მარტო იერუსალიმის ნახვა რად ღირს?! ქართველი ებრაელები გვეუბნებოდნენ: თქვენ რაც 25 დღის განმავლობაში ნახეთ, ჩვენ 20 წლის მანძილზეც კი არ გვინახავსო. 2006 წელს ათენში ვიმყოფებოდით პროექტით "ღიმილი მინდა", რომელიც ეროსი მანჯგალაძეს, იპოლიტეს, სესილია თაყაიშვილს, ვასო გოძიაშვილს ეძღვნებოდა. ვერ წარმოვიდგენდი, თუკი 3000 კმ მანძილზე წასული, სცენიდან პარტერში ჩემი სოფლიდან ჩამოსულ 22 გოგო-ბიჭს დავინახავდი, 20 ევროიანი ბილეთით.

- დღეს თქვენი სატირისა და იუმორის თეატრი კონცერტებს აღარ მართავს. რა გახდა ამის მიზეზი?

- სამწუხაროდ, დღეს ჩვენი სატირისა და იუმორის თეატრი აღარ არსებობს. ჩვენ თვითდაფინანსებაზე ვიყავით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვერაფერს ვიღებდით. დავდიოდით სხვადასხვა რაიონში - ზესტაფონში, ხონში, ვანში, ჭიათურაში, საჩხერეში, წყალტუბოში, აბაშაში და ა.შ. 6 წლის წინ 300-400 ბილეთი მაინც იყიდებოდა, მაგრამ დღეს რაიონები გაკოტრებულია, ხალხი თითქმის აღარ არის და ვინც არის, მას ბილეთის ყიდვის საშუალება არ აქვს. ახლა შეიძლება 5-10 ბილეთის მეტი არც გაიყიდოს. მინიატურები დღევანდელი ცხოვრებიდანაა აღებული. ეს რომ იუმორში გაატარო, მას დიდი ენერგია ჭირდება. ამ ენერგიას ხარჯავ, მაგრამ ბოლოს რას იღებ?! ჩვენთვის ყველაზე დიდი დახმარება ის იქნება, თუკი ხალხი დასაქმდება და საარსებო საშუალება გაუჩნდებათ. მაშინ ისინი აუცილებლად მოვლენ ჩვენთან თეატრში. ძნელია, როცა თვითდაფინანსებით არსებობ. მაყურებლისგან შემოსული თანხით ვახერხებდით რაღაცის შეძენას, განახლებას, მაგრამ ეს ყველაფერი გამოგვეცალა. მაისიდან მესხიშვილის თეატრს დავუბრუნდი. ძალიან მიყვარს მაყურებელთან ყოფნა. ქუთაისის მაყურებელი ყოველთვის ფრთხილი და ძლიერია. ქუთაისი იუმორის ქალაქია. ვასო გოძიაშვილი ამბობდა: "სად მივდივართ გასტროლზე? თელავში? - კარგია! ბათუმში? - კარგია და ა.შ. ქუთაისში? - ქუთაისელებს, რაც იციან, იმაზე მეტი რა უნდა მოუყვეო?!"

- ყოფილა შემთხვევა, როცა თქვენი იუმორის, ან პაროდიის გამო ვინმე გაგნაწყენებიათ?

- განაწყენებული შეიძლება ის პოლიტიკოსები იყვნენ, რომლებიც კონცერტებს ესწრებოდნენ და რაღაც-რაღაცეებს გადამეტებულად თვლიდნენ, მაგრამ ჩვენი მუშაობის, პროგრამის მიზანი ყოველთვის ხალხიდან გამომდინარე იზომებოდა. მათთვის ვმუშაობდით. ჩვენი ბედნიერება იმაშია, რომ ხალხის სიყვარული დავიმსახურეთ.

- როგორ იქმნება, ვინ წერს ტექსტებს თქვენი იუმორისტული ნომრებისათვის?

- ძირითადად, ტექსტების წერას მე ვიწყებდი, შემდეგ სხვები მიერთდებოდნენ, გუნდურად ვმუშაობდით. ყველაზე დიდი სირთულე მინიატურის შექმნა იყო. ამას ზოგჯერ 2-3 თვე ჭირდებოდა. ხალხთან ურთიერთობა გაძლევს საშუალებას, ბევრი ახალი გაიგო და მერე გამოიყენო იუმორისტული ნომრისათვის. ერთხელ ბავშვები ნაყინს ჭამდნენ, უცებ ხელიდან გაუვარდათ და ჩიტებმა აკენკვა დაიწყეს. ეს ყველაფერი შემოვაბრუნე და ბატონ ოტიას პაროდიაში გამოვიყენე: "აგვისტოში ისეთი სიცხე იყო, ქათმებს მაროჟნი ვაჭამე, თორე სუყველა დამეხოცებოდა."

- ალბათ, კურიოზებიც ბლომად გადაგხდებოდათ თავს გასტროლების დროს...

- რამდენი რამ გადამხდენია ამ 12-13 წლის განმავლობაში. საქართველოს ყველა კუთხე მოვიარეთ. ქუთაისი და ბათუმი იყო ჩვენი სამოძრაო ღერძი. აჭარლები ხშირად მეუბნებოდნენ, ჩვენზე რატომ არაფერს ჰყვებიო - აჭარლებს, ძამა, რატო არ გვაჯავრებო? ვერ ვყვები იმიტომ, რომ როცა აჭარლებით ვიწყებ, მაშინვე გურულებზე გადავდივარ: "გურული კაცი ყანას თოხნის, მას დიდი თავი აქვს, მეორემ ჩამოიარა და მიესალმა: - გამარჯობა, ძამა, შენი! - გაგიმარჯოს! - უპასუხა მეორემ. - დედაშენი რავაა, დედაშენი? - მოიკითხა. - გმადლობთ, კარგადაა, - დაუბრუნა პასუხი. - მალადეც დედაშენს, საცხა ამხელა თავი გამეეტია, ის თუ ცოცხალია?"

 გურულები საოცარი, ცინცხალი იუმორით გამოირჩევიან. მატარებელს გაუტანია გურული კაცი, ძირს აგდია, მასთან მეორე გურული მივიდა. დაუხუჭა თვალი, გააღო, ისევ დაუხუჭა, გააღო, მერე უთხრა: აი, თვალი, მატარებელი სამამ დაგეტაკებოდა, მანამდე გაგეღო, შე დალოცვილო, არ მოვკვდებოდიო.

- სცენაზე ხშირად ხუმრობთ, ცხოვრებაშიც ასეთი ხართ?

- იუმორი ცხოვრებაშიც მართობს, მახალისებს, მაცოცხლებს. ძალიან ძნელია ადამიანმა ამ დაძაბულ დროს გაუძლო. ყოველთვის ბევრი საფიქრალი გაქვს: როგორმე უშველო საკუთარ თავს, ეკონომიურად გადარჩე და გამოძვრე ამ ყველაფრიდან. ადრე, როდესაც ბაღის კიდეზე ჩაივლიდი, კოლორიტი, მომღიმარი სახეები შეგხვდებოდნენ, ჯანსაღ იუმორს გაიგონებდი. ახლა ბაღის კიდე გალამაზდა - ეს ძალიან კარგია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ამ გალამაზებულ ბაღის კიდეზე გალამაზებულ ქართველებთან შეხვედრა. ადრე აქ ფეხმძიმე ქალები დადიოდნენ, ჩვილი ბავშვები დაჰყავდათ, ახლა ხელმძიმე ქალები დადიან და გაიძახიან: ხაჭაპური, ბულკი, ჩებურეკი! რა ჰქნან საწყლებმა?! ჩემი 60 წლისთავთან დაკავშირებით წიგნი გამოვუშვი, მას "იმერული ესკიზების" გაპაროდირებული სათაური მოვუძებნე - "იუმორული ესკიზები". როგორც ვსაუბრობ სცენაზე, წიგნშიც იმ ენით ვლაპარაკობ. ამით მოვიგე. მე რომ მწერლის სტილი გამომეყენებინა, ეს ჩემთვის წამგებიანი იქნებოდა. როცა ბატონ ოტიას ჩემი წიგნი ვაჩუქე, მითხრა: "კაცო, მე ამას ერთტომეული მივეცი - გადახედე, წეიკითხე რაცხა და აქედან მოყევი რაღაცეები-მეთქი. ამას ჩემი წიგნი საცხა დაუკარგია, თურმე თვითონ დაუწერია და ახლა მე მომიტანა აგერ." მერე კი მითხრა: შენ რასაც ბჟუტურობ მიკროფონთან, ის გაქვს გადატანილი და მაგით მოიგე, თორემ მწერლობა რომ დაგეწყო, შენი საქმე დამთავრებული იქნებოდაო.

ამ წიგნში მთელი ჩემი თავგადასავალი მოვაქციე. მწერლობაზე არ მაქვს პრეტენზია. რაც ვიცი, მაცალონ და სული მომათქმევინონ. დღე და ღამე ატრაქციონების გახსნა რად გვინდა?! კარგია, მაგრამ ხალხზე როდის უნდა ვიფიქროთ? არც პოზიციონერი და არც ოპოზიციონერი არაფერს ლაპარაკობს იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში. მხოლოდ "გადადექის" გაიძახიან. ოტიას ერთ-ერთ პაროდიაში შეტანილი მაქვს: "ახლა ბოვში რომ დეიბადება, გეიზრდება და ერთი წლის გახდება, დედის მაგივრად "გადადექის" იძახის იმიტომ, რომ მეტი არაფერი ისმის ქვეყანაზე." იქნებ რამე გვეშველოს. ჩვენ ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ?! ბატონმა ოტიამ იცის თქმა: ღვთისმშობელი შენ კალთას კი არ გადაგაფარებს და წამოგაწვენს ქვეშ - დეიკავე ყანწი ხელში და იქეიფეო, შენ უნდა მოიქცე წაღმა! როდესაც ჩვენ შრომას ვისწავლით, ერთმანეთის სიყვარულს, ვილოცებთ, აი, მაშინ გვეშველება.

- თქვენ ერთხელ თქვით: იუმორმა თავისი თავისუფალი გზა უნდა მიუშვას ყველაფერზე, შეიძლება ყველაფერზე ხუმრობა?

- ყველაფერზე ხუმრობა და ყველაფრის თქმა არ შეიძლება, მაშინ ცხოველს დაემგვანები. იუმორს აქვს სამი მიმართულება: ქუჩის, სუფრის და სცენის. არც ერთი სატელევიზიო იუმორისტული პროექტი ჩვენებური არ არის. მარტო მხოლოდ თბილისური ჟარგონით შეიძლება ისაუბრო ყველაფერზე? ხომ შეიძლება მეგრელი გამოიყვანო? ეს არის ქართული ღირებულება. "იუმორინა" იცავს ამას მეტ-ნაკლებად. დანარჩენი სატელევიზიო გადაცემებისა, რა მოგახსენოთ. ერთ დეტალს გეტყვით. სერიალში "შუა ქალაქში" იყო ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი: "საიდან მოდიხარ შენა? - სახლიდან მოვდივარ. - არა მგონია, შენ სახლიდან მოდიოდე" და ისმის ამაზე სიცილი. რა უბედურებაა, რა მოხდა? ახალგაზრდობას აჩვევენ არაღირებულზე რეაქციას და რეაგირებას. ამით ქართული იუმორი იკარგება და თუ იუმორი დაიკარგა, ქართველი კაცი სტუმარს დაემალა, ასეთი საქართველო არც მე და არც არავის არ უნდა. იუმორს თავისი თავის გასაღები უნდა ჰქონდეს. იუმორით უნდა მიხვიდე ადამიანთან.

- არიან ადამიანები, რომელთაც ნაკლებად აქვთ იუმორის გრძნობა.

- არ მაქვს ურთიერთობა ასეთ ადამიანებთან. როდესაც სცენიდან ადამიანთა სახეებს ვუყურებ, 70% იცინის, 30%-ს კი ისეთი სახე აქვს, მას რომ მივაჩერდე, შეიძლება წამაქციოს. ცუდი აურა მოდის მისგან. ხშირად სუფრაზე შემხვედრია ისეთი ადამიანები, გამკვირვებია. რატომ ხარ სუფრაზე, თუკი დროს არ ატარებ, არ მხიარულობ? სუფრა ცალკე სმა, ანდა ცეკვა და სიმღერა კი არ არის, არამედ ერთიანი ნაზავია. თუ არ იცინი, არ ხუმრობ, არ ცეკვავ, წადი სახლში, დაისვენე მაინც. ეს რა კომპლექსიანი ხალხი ვართ.

- თქვენი შვილიც მსახიობია, რას გრძნობთ, როდესაც მას სცენაზე უყურებთ, აძლევთ ხოლმე რჩევებს?

- გიორგის ჩემზე მეტი ლირიზმი, რითმულობა აღმოაჩნდა. რასაკვირველია, რჩევებს ხშირად ვაძლევ. ყველაზე მთავარი, რაც კი მითქვამს მისთვის, იყო: "იყავი წრფელი, მართალი!" როდესაც მართალი ხარ, მაშინ გიკრავს ტაშს მაყურებელი. ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმნა. ამჟამად ამერიკაში იმყოფება. ქორწილი იქ გადაიხადა. ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ უამრავ სუფრაზე ვყოფილვარ თამადა, საკუთარი შვილის ქორწილს კი ვერ დავესწარი.

- როგორია თქვენი თვალით დანახული დღევანდელი ქუთაისი?

- ბევრი რამ გალამაზდა. თოჯინების თეატრთან, მიმდებარე ტერიტორიაზე ქვაფენილი დააგეს, მაგრამ ღამე თუ სინათლე არ იქნა, შეიძლება კისერი მოიტეხის კაცმა. მთავარია, ღირსეული ადამიანები დადიოდნენ ქალაქის ქუჩებში, ღირსეული ადამიანები უნდა შემოდიოდნენ თეატრში.



2009-09-26
 

უკან



ძებნა თარიღით

            

სექტემბერი 2010
ორსამოთხხუთპარშაბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930



უკან




 სექტემბერი 2010
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

 რეკლამა


 
PDF Version გაზეთის PDF ვერსია   ჩვენს შესახებ რეკლამა საიტზე და გაზეთში ფოტო გალერეა კონტაქტი
Copyright© 2009 | All Rights Preserved Designed by SPAR