საბოლოოდ, პრაიმერის შესახებ ქუთაისში "კონსერვატიული პარტიის" მთავარი კომიტეტის წევრმა ლადო ბაციკაძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2007 წლიდან დღემდე სახელისუფლებო კანდიდატს ალტერნატივა არ ჰყავს არჩევნებში, ამიტომ აღნიშნული პარტია ოპოზიციას ერთ კანდიდატზე შეჯერებას სთავაზობს, რომელიც პრაიმერის შედეგად უნდა გამოვლინდეს.
"`ბევრად კარგია, რომ იყოს ერთი ლიდერი, რომელიც საჯარო განხილვის შედეგად შეირჩევა. ყველა გამოკითხვით, საზოგადოება ოპოზიციისგან ითხოვს ერთიან პოზიაციას. ძალიან ჭირს რამდენიმე ამბიციურმა პარტიის ლიდერმა გადაწყვეტიელბა მალე მიიღოს, ამიტომაც საჭიროა ლიდერი. ჩვენ გამოვდივართ წინადადებით, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ადგილობრივი თვითმმართველობის, საპარლამენტო, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთი კანდიდატი წარმოადგინოს. და თუ ვინ იქნება, ეს საჯარო განხილვის საგანი გახდეს,"- აცხადებს ლადო ბაციკაძე.
"კონსერვატიული პარტიის" რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა ბაძგარაძე არასამთავრობო ორგანიზაციების უყურადღებობით უკმაყოფილო დარჩა.
"სამწუხაროა, რომ ასეთი უგულო დამოკიდებულებაა ამ ქალაქში. ჩვენ მოვიწვიეთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ქუთაისში მუშაობენ, მაგრამ მხოლოდ ერთი მოვიდა. ფაქტობრივად, ჩვენი ინიციატივის საჯარო განხილვა ვერ მოხდა," - ამბობს გოჩა ბაძგარაძე.
ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციის "ასა"-ს ხელმძღვანელმა ზაზა ხელაძემ, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, განაცხადა, რომ არჩევნების დროს წინასწარ ხდება გარიგებები ოპოზიციასა და პოზციას შორის, რის გამოც ასეთი ინციატივები უბრალოდ არ იმუშავებს.
სოფიკო ყანჩაველი
|