საწყისი  საიტის რუკა  კონტაქტი
http://www.akhali-gazeti.ge

2010  8  სექტემბერი,  ოთხშაბათი
 
 
 ძიება საიტზე

 რეკლამა





ქუთაისელი მძღოლები ისევ აქციებით იმუქრებიან
ქუთაისელი მძღოლები ისევ აქციებით იმუქრებიან

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ახალი ნებართვები გაიცემა, ყველაფერი მოწესრიგდება. ნებართვების გაცემას მერია სამ ეტაპად გეგმავს: პირველ ეტაპზე 11 სამარშრუტო ხაზზე გასცემს, მეორე ეტაპზე - 17 სამარშრუტო ხაზზე, ხოლო მესამე ეტაპი უკვე ავტობუსებისთვის გამოცხადდება. 11 სამარშრუტო ხაზზე კონკურს-დათვალიერება 9 ოქტომბერს დასრულდა. მასში ოთხი ფირმა: შპს "საზიდარი", შპს "იმერტრანსი XXI", შპს "ავტოტრანსკორპორაცია", შპს "აბო ჯორჯია" მონაწილეობდა. კონკურსის შედეგებს მერია 15 ოქტომბერს გამოაცხადებს.

ავტომანქანების შემოწმება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ხდებოდა: ავტო სატრანსპორტო საშუალების ასაკი, ძარის ვარგისიანობა, ფერი, საბურავის ცვეთა, სალონის მდგომარეობა, სალონში მგზავრების ასვლა-ჩამოსვლის მოხერხებულობა და სხვა. გარდა ამისა მიმდინარე კვირაში ცალკე მოხდება გადამზიდავი ფირმის შემოწმება, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სერვისის განვითარება, ტრანსპორტის განახლება (ახლით ჩანაცვლების პერსპექტივა), ბიზნესის დივერსიფიკაცია, ეკონომიკური გათვლები. კომისია 6 წევრისგან შედგებოდა და ძირითადად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული. ისინი, თავიანთი შეხედულებების მიხედვით, 1-დან 5-მდე ქულებს უწერდნენ სატრანსპორტო საშუალებებს.

კონკურს-დათვალიერების მიმდინარეობაში დარღვევების არსებობაზე საუბრობენ მძღოლები, მათ გასულ კვირას ჯერ აქცია მოაწყვეს, შემდეგ კი საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს. "კომისიის მუშაობა დარღვევებით მიმდინარეობს. ტენდენციურობას იჩენს ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომელი გოჩა მარგველაშვილი, რომელიც დაკავშირებულია კონკურსში მონაწილე ერთ-ერთ ფირმასთან, კერძოდ, "იმერტრანსთან". გარდა ამისა, წუხელ მერმა მიიღო უკანონო განკარგულება, რომლის მიხედვითაც #1 და #2 ხაზებზე დასაქმებული მარშუტკები უნდა შემცირდეს 5 ერთეულით. არადა, შეთანხმების მიხედვით, უნდა შემცირებულიყო ტენდერის დასრულების შემდეგ," - განაცხადა ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ.

კომისიის წევრი გოჩა მარგველაშვილი კატეგორიულად უარყოფს მის რაიმე ინტერესს საქალაქო ტრანსპორტში და აცხადებს: "არც ერთ ფირმას არ ლობირებს ტრანსპორტის სამსახური და არც გოჩა მარგველაშვილი. ჩვენ ზუსტად ისე ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, როგორც საჭიროა. ზეპირად ძალიან ბევრი რამ შეიძლება დაგაბრალოს ადამიანმა. მათი პოზიცია ჰგავს იმას - "გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო". ისინი ცდილობენ ამ ფორმებით მოახდინონ ზეწოლა კომისიაზე, მაგრამ ჩვენ ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებთ, სამართლიანად და კანონიერად," - ამბობს ამბობს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტი გოჩა მარგველაშვილი.

რაც შეეხება მერის მიერ მიღებულ განკარგულებას, ქალაქის მერი აბსურდულს უწოდებს ამასთან დაკავშირებით ტრანსპორტელთა ბრალდებებს.

"ქალაქის ხელმძღვანელების მიერ ის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იქნა პროფკავშირებთან, სრულდება. ჩვენ არც ერთი ნაბიჯი გვერდზე არ გადაგვიდგამს. არავითარი განკარგულება გუშინ არ გამომიცია. ეს იყო საკრებულოს განკარგულება, რომელიც თვენახევრის წინ გამოვიდა და ეს ყველასთვის ცნობილია. ამ განკარგულების მუხლები შეთანხმებული იქნა პროფკავშირებთან," - ამბობს ნუგზარ შამუგია.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილსა და ქალაქის მერს შორის დადებულ მემორანდუმში ბუნდოვანებაა. კერძოდ, ამ შეთანხმების მიხედვით, #1 მარჯვენა და #1 მარცხენა მიკროსაავტობუსო მარშრუტების ოპერირებაზე ნებართვის მქონე გადამზიდებს შორის უნდა გაფორმდეს კოლექტიური ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც გადამზიდველები ყოფილ #1 და #2 მიკროსაატობუსო მარშრუტზე დაასაქმებენ ყოველდღიურად ხუთ-ხუთ ერთეულ მიკროავტობუსს. თუმცა, არსად არაა აღნიშნული თარიღი, რა დროიდანაც უნდა დაიწყოს აღნიშნული ქმედებები.

პროფკავშირების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნებართვების გაცემის შემდეგ, საპირისპიროს ამტკიცებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში. რეალურად კი, ზუსტი თარიღი შეთანხმებაში მითითებული არაა. დღეისათვის ქუთაისში 14 გადამზიდავი ფირმაა. თუმცა, მათმა უმრავლესობამ პირველი ეტაპის კონკურს-დათვალიერებაში მონაწილეობა არ მიიღო.

ოფიციალურად ამის მიზეზებზე არავინ საუბრობს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის მერი ნუგზარ შამუგია ყველა გადამზიდავს დაემუქრა, ვერც ერთი ფირმა, რომლის ხაზზე მომუშავე მძღოლიც აქციაზე იყო, მომავალ კონკურსში ვერ გაიმარჯვებსო. გადამზიდავებმა ხერხს მიმართეს და თავიანთ ფირმებს სახელი შეუცვალეს. მაგალითად, შპს "ანკარა", რომელიც ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავი იყო, კონკურს-დათვალიერებაში აღარ მონაწილეობს, თუმცა მონაწილეობს შპს "აბო ჯორჯია", რომელიც სწორედ "ანკარას" ბაზაზე შეიქმნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნებართვების გაცემის მეორე ეტაპზე მსგავსი ფირმები მრავლად გამოჩნდებიან. "მსგავსი რამ ქალაქის მერს არ უთქვამს. გარდა ამისა, ასეც რომ იყოს, აქციაზე იყო მძღოლების 90%, მაშინ გამოდის, რომ ყველა უნდა დარჩეს უმუშევარი. მერის თქმით, ყველა ის გადამზიდავი ფირმა და მძღოლი მიიღებს სამუშაოს, მიიღებს ნებართვას, ვინც დააკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს," - ამბობს ქუთაისის მერიის აპარატის მთავარი სპეციალისტი პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ქეთი დეისაძე.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქუთაისი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, რომელსაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ გააჩნია. ქალაქის მერის თქმით, ეს პროგრესული გადაწყვეტილებაა.

"ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ წავედით. პრაქტიკულად, გავასახელმწიფოებრივეთ ტრანსპორტი. უკვე კერძო სტრუქტურებსა და ინდ. მეწარმეებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ამ სფეროში. მე ვთვლი, რომ გავა ერთი-ორი წელი და მთელ ქვეყანაში ისე მოიქცევა ყველა, როგორც ჩვენ მოვიქეცით," - ამბობს ნუგზარ შამუგია.

ლოგიკურია, ისმის კითხვა, რა ფუნქცია აქვს მაშინ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს, რომელიც ბიუჯეტიდან 65 ათასი ლარით ფინანსდება? ამ სამსახურის ფუნქციას მისი ხელმძღვანელი ვიტალი ბოჭორიშვილი ასე ხსნის.

"ჩვენი სამსახური აკონტროლებს მოძრაობის რეჟიმებს, გრაფიკებს. ეს სამსახური რომ არ არსებობდეს, ამ სფეროში იქნება არარეგულირებადი მდგომარეობა. ჩვენ ახლაც გავდივართ, რეიდებს ვატარებთ და ვაჯარიმებთ გადამზიდავებს. მიუხედავად ამისა, მაინც რთული მდგომარეობაა, წარმოიდგინეთ, ვინმე რომ არ აკონტროლებდეს ამ სიტუაციას, რა მდგომარეობა იქნება მაშინ ქალაქში?! არის გარკვეული ხარვეზები. გავდივართ და ვაკეთებთ. პრობლემას ვაგვარებთ იმით, რომ ჩვენ შევქმენით გრაფიკები. დღის განმავლობაში ხაზზე რომ მუშაობს ათი მანქანა, ღამის ათ საათამდე მორიგემ მაინც უნდა იმუშაოს! ეს გრაფიკები ისე გვაქვს შედგენილი, რომ ადამიანს მოუწიოს ცდა 20-25 წუთი," - ამბობს ვიტალი ბოჭორიშვილი.

როგორც ჩანს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში შედგენილ გრაფიკებს მხოლოდ თანამშრომლები კითხულობენ. ყოველ შემთხვევაში, მოქალაქეები საღამოს საათებში შეუფერხებლად ვერ გადაადგილდებიან. "ყოველ საღამოს მიწევს საათობით ლოდინი გაჩერებაზე. "პლაშადკაზე" ვცხოვრობ, საღამოს 8 საათის მერე არც #34 მუშაობს და არც არაფერი. ერთადერთი #100 მარშუტკაა და ისიც 50 თეთრი ღირს. ჯერ ის ვერ გავარკვიე, რატომ არის განსხვავებული ფასი ამ მარშუტზე მხოლოდ? იძულებული ვარ ამით ვიმგზავრო, აბა, გზაში ხო არ დავრჩები?!" - ამბობს ქუთაისის მცხოვრები მერი ფართლაძე.

აღნიშნული პრობლემა სხვა უბნის მაცხოვრებლებსაც აწუხებთ. მერიაში არ მალავენ, რომ პრობლემა არსებობს, თუმცა მოუგვარებლობის მიზეზებს ასე ხსნიან: "ჩვენ გადართული ვართ მოლაპარაკებებში, თბილისში სიარულში, პროფკავშირებთან გარიგებებში, ბევრი რამე დავუთმეთ, რაც არ უნდა დაგვეთმო. მოქალაქეთა მოთხოვნა არის მართალი, კანონიერი, მაგრამ ჩვენს სამსახურს იმის დრო აღარ რჩება, რომ გავიდეთ ღამე, ათ საათზე, ცხრა სათზე და შევამოწმოთ ტრანსპორტი. ჩართული ვართ ამ ბაკქანალიაში. გინდათ გარიგებები დაარქვით. ისინი აქეთ გვევაჭრებიან, გვეშანტაჟებიან, ბრალდებებს გვიყენებენ უსაფუძვლოს და ჩვენც ამაზე ვართ გადართული," - ამბობს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიტალი ბოჭორიშვილი.

ამ ბრალდებების ადრესატი აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. "ეს არის სრული სიცრუე, არავის არ ვაშანტაჟებთ. არავითარი აქცია არ გაგვიკეთებია, თუ არ ჩავთვლით შაბათის საინფორმაციო ბრიფინგს, რომელზეც განვაცხადეთ რომ ქალაქის მერი აპირებდა 5-5 მანქანის გამოშვებას, ვთხოვეთ ჩვენ მერს, ტენდერის ჩატარების მერე გამოუშვი 5-5 მანქანა ხაზზე. ჩვენი მიზანი მძღოლების ინტერესების დაცვაა. არ გვინდა ეს ხალხი დარჩეს უმუშევარი," - ამბობს ტრანსპორტში დასაქმებული კერძო მეწარმეებისა და პროფესიონალ მძღოლთა კავშირის თავმჯდომარე თენგიზ კაჭახიძე, რომელიც იმავდროულად კონკურს-დათვალიერებაში მონაწილე შპს "საზიდარის" თანამფლობელია.

აღნიშნული ფირმა ახლახანს შეიქმნა და იგი იმ მძღოლების უმრავლესობას აერთიანებს, რომლებიც პერმანენტულ აქციებში მონაწილეობენ. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ კონკურს-დათვალიერების დამთავრების შემდეგ დამონტაჟდება ახალი "ჯიპიარეს" სისტემა, რომლითაც მოხდება მძღოლების გაკონტროლება. ის გადამზიდავი, რომელიც ზუსტად არ დაიცავს გრაფიკს, დაჯარიმდება. გარდა გრაფიკისა ამ სისტემის საშუალებით გაკონტროლდება თითოეული მიკროავტობუსი რომელიც სამარშუტო ხაზზე გამოვა. იმ 11 სამარშუტო ხაზზე, რომელზეც მერიამ უკვე ჩაატარა კონკურს-დათვალიერება, ძირითადად, "მერსედესის" მარკის მიკროავტობუსები, ე.წ."სპრინტერები" მონაწილეობდნენ.

ქუთაისელ გადამზიდავებს კარგად აპრობირებული მეთოდი ჰქონდათ: დათვალიერებაზე კარგი მიკროავტობუსები გამოჰყავდათ, ხოლო შემდეგ ყოველდღიურად სამარშუტო ხაზზე ტექნიკურად გაუმართავი მიკროავტობუსები მოძრაობდნენ. წინა ტენდერების გამოცდილებაზე დაყრდნობით, მერიაში გადაჭრით აცხადებენ, რომ მსგავსი რამ ტენდერის დამთავრების შემდეგ აღარ მოხდება. ყველა მიკროავტობუსის ნომერი ფიქსირებული იქნება და თუ მათ ნაცვლად სხვა გამოვა, გადამზიდავი დაჯარიმდება.

თუმცა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვამდე ქუთაისის მერიას წინ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია ელოდება. ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარის ლავრენტი ალანიას თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას მძღოლების უმუშევრად დატოვება არ გამოუვა.

"30 ოქტომბერს დიდი ფორუმი ტარდება ქუთაისში. მთელი საქართველოდან ჩამოვლენ მძღოლები. სრულიად საქართველო გაუწევს სოლიდარობას ამ ადამიანებს. როგორ გაუძლებს ამას ბატონი შამუგიას ნერვები, ვნახავ," - ამბობს ალანია.



2009-10-11
 

უკან



ძებნა თარიღით

            

სექტემბერი 2010
ორსამოთხხუთპარშაბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930



უკან




 სექტემბერი 2010
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

 რეკლამა


 
PDF Version გაზეთის PDF ვერსია   ჩვენს შესახებ რეკლამა საიტზე და გაზეთში ფოტო გალერეა კონტაქტი
Copyright© 2009 | All Rights Preserved Designed by SPAR