მანანა გერმანიაში 4 წლის წინ წავიდა ოპერის პროგრამით. როცა დანიშნულების ადგილზე ჩავიდა, იმ ოჯახში არ მოხვდა, რომელიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული: აღმოჩნდა, რომ იქ 2 ინვალიდისთვის უნდა მოევლო. მერე მეორე ოჯახში გადაიყვანეს, სადაც ახალშობილების მოვლა ევალებოდა. ვერც იქ გაძლო და მალე ქუჩაში აღმოჩნდა, საიდანაც ერთმა ინდოელმა ბიჭმა შეიფარა. მოგვიანებით ისინი დაქორწინდენ და ერთი წლის შემდეგ შვილიც ეყოლათ. მანანა გერმანიის ქალაქ ფულენდორფში ცხოვრობდა და 260 ევრო ჰქონდა ხელფასი. ქმარი რესტორანში მუშაობდა მზარეულად. ისინი არალეგალები იყვნენ და დეპორტაცია ემუქრებოდათ. ამიტომაც მანანამ ნებაყოფლობითი დახმარების პროგრამაში მონაწილეობა არჩია.
აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებს, სამშობლოში დაბრუნების სანაცვლოდ, გერმანიის მთავრობა 2 წლის მანძილზე ეხმარება ფინანსურად და წელიწადში 1500 ევროს უხდის. მანანა საქართველოში 2008 წლის თებერვალში დაბრუნდა, შვილთან ერთად. ქმარს კი ინდოეთში გაუკეთეს დეპორტაცია და საქართველოში ჩამოსვლა მან 2009 წლის აპრილში მოახერხა. ოჯახი ამჟამად ქისტაურში ცხოვრობს, თუმცა სამსახური ვერც მანანამ იშოვა საქართველოში და ვერც მისმა მეუღლემ. გერმანიის მთავრობისგან მიღებული 3000 ევრო კი უკვე დაიხარჯა და ახალგაზრდა წყვილი ახლა ისევ რომელიმე ქვეყანაში ფიქრობს დასასაქმებლად გამგზავრებას. "გვინდა წასვლა. აქ ვერაფერი ავაწყვეთ, სამსახური ვერ ვიშოვეთ, მაგრამ არ ვიცი - ალბათ, ჯერ ვერ მოვახერხებთ გამგზავრებას უფულობის გამო", - ამბობს მანანა.
თბილისში უკვე რამდენიმე წელია, ფუნქციონირებს "ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება", რომელიც საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებულ მიგრანტებს ეხმარება რეინტეგრაციაში. ორგანიზაციის თავმჯდომარე წოვინარ ნაზაროვა გერმანიიდან ნებაყოფლობით დაბრუნებულ მანანა მაკაროვას კუთვნილ 3000 ევროს რამდენიმე თვის განმავლობაში მის საკუთარ ანგარიშზე ურიცხავდა. ნაზაროვა ამბობს, რომ ერთჯერადი თანხა ჩამოსულ ადამიანებს მხოლოდ თავის გასატანად ჰყოფნით: "ჩემი დაკვირვებით, მხოლოდ ფულადი დახმარება ამ ადამიანების რეინტეგრაციისათვის საერთოდ არ არის საკმარისი", - ამბობს ის.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მცხოვრები ქართველი არალეგალი მიგრანტების ზუსტი რიცხვი და სტატისტიკა არ არსებობს. გერმანიას, ამ ქვეყნების ჩამონათვალში, მე-3-4 ადგილი უკავია. გერმანიაში გამგზავრების ყველა მსურველს შეუძლია მიმართოს გერმანიის საელჩოს, თუმცა, ცხადია, ყველა ვერ მიიღებს ვიზას. თუკი აღმოჩნდება ისე, რომ ამ პროფესიის ადამიანი ჭირდება გერმანიას, ამისთვის არსებობს სპეციალური პროგრამები, როგორიცაა Green Card და Blue Card-ი.
თუმცა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, თითქმის არ არსებობს.
"4 მილიონი უმუშევარი გვყავს ჩვენ თვითონ და კიდევ ახალი მშენებელი სხვა ქვეყნიდან რაში გვჭირდება? 100 მილიარდი ევროს ზარალი მოაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის შავ მუშა-ხელს. ამიტომაც აუცილებელია ამ პროცესის რეგულაცია. ხშირად ამბობენ, რომ გერმანიაში შემწვარი მტრედებიც კი ყვავიან ხეებზეო, მაგრამ ეს ასე არ არის. გერმანიას არ შეუძლია ყველას პრობლემა გადაწყვიტოს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ჩვენთან ფინანსური კრიზისია და კიდევ უფრო გამწვავდება სიტუაცია. როგორც გავარკვიეთ, 2010 წლის ბიუჯეტში 450 მილიონს ვკარგავთ მიუნხენში. ამდენად, ჩვენ მთელი აღმოსავლეთ ევროპის ხალხს ვერ გადავარჩენთ,"- აცხადებს მარიო შმიდბაუერი, მიუნხენის ადგილობრივი პარლამენტის წევრი, ბავარიის მმართველი პარტიის "ქრისტიან-სოციალისტების კავშირის" წევრი.
სწორედ ამ პრობლემის არსებობის გამო, "პარტნიორობა მობილურობისთვის" ევროკავშირის ახალი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის გლობალური მიგრაციის ხელშეწყობის პოლიტიკის ნაწილია. პროგრამა ამ სფეროში ევროგაერთიანების პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს ქმნის. მისი მთავარი მიზანი არალეგალური მიგრაციის პრობლემების დაძლევა და მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირში კანონიერად მუშაობის ხელშეწყობაა. საქართველო მეოთხე ქვეყანაა, რომელიც ამ პროგრამისთვის შეირჩა.
"საქართველოსთვის არალეგალური მიგრაცია არ წარმოადგენს პრობლემას, ეს ევროკავშირის პრობლემაა," - ამბობს გიორგი ტაბატაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს უფროსის, პაატა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა რეადმისიის შეთანხმებებზე აგვისტოში, მესამე, ბოლო რაუნდი გაიმართა. ტექნიკური საკითხების საბოლოოდ შესაჯერებლად ევროკომისიამ დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს წარუდგინა. პაპუაშვილის განცხადებით, ხელშეკრულებები ევროკავშირის მხრიდან, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება ხელმოწერილი, ხოლო მათი რატიფიკაცია 2010 წლის ზაფხულამდე განხორციელდება.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობას არ აქვს შემუშავებული კონკრეტული სამოქმედო გეგმა და რაიმე სახის დახმარების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების რეალურ რეინტეგრაციას, მათ დასაქმებასა და სოციალური პირობების შექმნას. ამდენად, რეადმისის შედეგად დაბრუნებულთა უმეტესობა ისევ საქართველოდან წასვლის ლეგალურ ან არალეგალურ გზებს ეძებს.
ია ბობოხიძე
|