საწყისი  საიტის რუკა  კონტაქტი
http://www.akhali-gazeti.ge

2010  8  სექტემბერი,  ოთხშაბათი
 
 
 ძიება საიტზე

 რეკლამა





ისტორიული უბნის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი შეჩერებულია

ჯერ კიდევ 2009 წლის მარტის დასაწყისში, ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით, მერიის აპარატის მთავარმა სპეციალისტმა პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ქეთი დეისაძემ "ახალ გაზეთს" განუცხადა, რომ: "რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის პროექტირება უკვე დაწყებულია და ის მარტის ბოლოს დასრულდება. პროექტის პრეზენტაციას მის დასრულებისთანავე მოვახდენთ. აპრილიდან კი სამუშაოები დაიწყება".

ამ დრომდე დაუწყებელი სამუშაოების მიზეზად პროექტების დაუსრულებლობა სახელდება, ამ უკანასკნელზე კი შემდეგ განმარტებას აკეთებენ: "პროექტირების დასრულება სამუშაოების სიდიდემ შეაფერხა. სამუშაო საკმაოდ დიდია და ის ნელ-ნელა და ხარისხიანად კეთდება," - აცხადებს ქუთაისის მერის პირველი მოადგილე ზაზა ნუცუბიძე.

 რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოებს, ისე როგორც გასულ წელს, ამჯერადაც ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შერჩეული კომპანია "არქიტექტორები&ჯი" ასრულებს. წელს ქალაქის ისტორიულ უბანში 63 შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაა გათვალისწინებული. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს ტერიტორიას - რუსთაველის ხიდიდან ფალიაშვილის ქუჩის (თავისი შესახვევებით) ჩათვლით, რომელიც აღმაშენებლის მოედნამდე მივა. ხოლო მეორე ეტაპი - თამარ მეფის ქუჩას, რომელიც პუშკინის ქუჩას შეუერთდება (კინო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორია).

საპროექტო სამუშაოები, ასევე, ითვალისწინებს, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მოსაწესრიგებლად ცალკე პროექტის მომზადებას, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარი დაიხარჯება.

როგორც ზაზა ნუცუბიძისგან გავარკვიეთ, მიმდინარე წელს მხოლოდ რამდენიმე შენობის რეაბილიტაციის დაწყება იქნება შესაძლებელი. თუმცა, მათი დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს. "რეაბილიტაცია დაიწყება იმ ობიექტებზე, რომელთა პროექტიც მზად იქნება. დღევანდელი რეალური შესაძლებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია რამდენიმე ობიექტის რეაბილიტაციის პროცესის დაწყება, კონკრეტულად ვერ გეტყვით რომელი ობიექტების. როდესაც მუშაობას დავიწყებთ, შეგიძლიათ მაშინ ნახოთ. ერთ-ერთი მათგანი არის თეატრის გვერდით არსებული ძველი "ხრუშოვკის" ტიპის შენობა," - ამბობს ზაზა ნუცუბიძე.

რაც შეეხება ჯერ არდაწყებული სამუშაოების დასრულების ვადებს, ვიცე-მერის თქმით, ეს დამოკიდებულია სამუშაოების მოცულობასა და დაფინანსებაზე. თუმცა, აღსანიშნავია, ამ დრომდე არც ამ სამუშაოებისთვის საჭირო თანხაა ასახული ქუთაისის წლევანდელ ბიუჯეტში. საუბარია 4 მილიონ ლარზე, რომელიც რეაბილიტაციის მეორე ეტაპისთვისაა გათვალისწინებული. აქედან, 1 182 400 ლარი პროექტირებისთვის დაიხარჯება. სამუშაოებისთვის კი - 2 817 600 ლარია განსაზღვრული.

ნუცუბიძის განცხადებით: "როდესაც პროექტები მზად იქნება, ამის შემდეგ აისახება თანხა ბიუჯეტში". პროექტირების დასრულების ვადა კი, ვიცე-მერის თქმით, არქიტექტურულ კომპანიას ოქტომბრის ბოლომდე აქვს.


თეა ზიბზიბაძე



2009-10-11
 

უკან



ძებნა თარიღით

            

სექტემბერი 2010
ორსამოთხხუთპარშაბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930



უკან




 სექტემბერი 2010
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

 რეკლამა


 
PDF Version გაზეთის PDF ვერსია   ჩვენს შესახებ რეკლამა საიტზე და გაზეთში ფოტო გალერეა კონტაქტი
Copyright© 2009 | All Rights Preserved Designed by SPAR