არც ერთი განაცხადი არ შესულა მიმდინარე წლის 25 სექტემბერს ჩასატარებელ აუქციონზე, სადაც მთავრობამ გასაყიდად მის საკუთარებაში არსებული ქონება: სამი ავტომანქანა და ერთი მიკროავტობუსი გამოიტანა. შესაბამისად, ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკების გამოცვლილი ავტომანქანები კვლავ გასაყიდი ობიექტების ნუსხაში რჩება.
"ეს ქონება კიდევ გავა გასაყიდად აუქციონზე, მაგრამ როდის, არ ვიცით," - განმარტავენ მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურში.
25 სექტემბერს მერიამ აუქციონზე, ასევე, გასაყიდად გამოიტანა მის საკუთრებაში არსებული 11 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან მხოლოდ ორი გაიყიდა. ბუკიას ქუჩა #25-ის მიმდებარედ არსებული 210 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასი 11046 ლარს შეადგენდა, აუქციონზე 100 ლარით ძვირად გაიყიდა. ასევე, საწყის ფასთან შედარებით 100 ლარით გაიზარდა ხარებავას ქუჩა #1-ის აღმოსავლეთით არსებული 56 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება და 2453 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი 2553 ლარად გაიყიდა.
ეკონომიკის სამსახურში მყიდველთა ვინაობას ამ დრომდე არ ამხელენ და განმარტავენ, რომ მათი ვინაობა თანხის სრულად გადახდის შემდეგ გახდება ცნობილი.
"აღნიშნულ პირებს დაფარული აქვთ თანხის 10%, საბოლოო ღირებულაბას 30 დღის მანძილზე გადაიხდიან," - ამბობენ ეკონომიკის სამსახურში. გარდა ზემოაღნიშნული ქონებისა, ქუთაისის საკრებულოს დადგენილებით, დამტკიცებულია გასასხვისებელი ქონების ნუსხა, რომელთა რიცხვი 60-მდეა. აქედან, 50 მათგანი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობაა, რომელთა უმეტესი ნაწილი ქუთაისის რეაბილიტირებულ ზონაში მდებარეობს. კერძოდ, აღნიშნულ ნუსხაში შესულია: შენობა-ნაგებობა - პუშკინის ქ. #16, წმინდა ნინოს #9 და სხვა. წმინდა ნინოს, რუსთაველის, ცისფერყანწელების ქ. #17-2-1-ში არსებული შენობისა და მიწის ფართები ხუთ ერთეულადაა დაყოფილი და თითოეული მათგანი ცალ-ცალკეა შესული ნუსხაში. ფართობის მიხედვით, მათი საწყისი ფასი განსხვავებულია. მაგალითად, ზემოხსენებულ მისამართზე, არსებული 92,82 კვ.მ შენობის ფართის საწყისი ღირებულება 306 ათას ლარადაა შეფასებული. ამავე მისამართზე არსებული 20,40 კვ.მ შენობის ფართის საწყისი ფასი კი - 67 ათას ლარს შეადგენს.
ეკონომიკის სამსახურში აცხადებენ, რომ გასასხვისებელი ობიექტების ნუსხიდან ამ დრომდე არც ერთი მათგანი არ გაყიდულა. "განაცხადი არ შემოვიდა," - ასეა მინიშნებული აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ ობიექტებზე. ქუთაისის საკრებულოს "ლეიბორისტი" წევრის სამსონ გუგავას თქმით, თვითმმართველობის მიერ ჩატარებული აუქციონები ფორმალობაა.
გუგავა ამბობს, რომ გასაყიდად გამოტანილ ობიექტებს მაღალ ფასს ადებენ, რომლითაც წინასწარ იციან, რომ მყიდველი არ დაინტერესდება. შემდეგ კი ქონებას თავად "ჩინოვნიკები" ყიდულობენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ქუთაისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია "ნაციონალების" თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძეა, რომელმაც აუქციონის გზით გარკვეული ფართი შეიძინა ისტორიულ უბანში. საუბარია ცისფერყანწელების ქუჩაზე არსებულ ობიექტზე.
თუმცა ამ ინფორმაციას ნემსიწვერიძე არ ადასტურებს. "ნეტავ, მასე იყოს, ღმერთმა ქნას რომ შევიძინო," - ამბობს კახა ნემსიწვერიძე. აღსანიშნავია, რომ ისტორიულ უბნაში არსებული ობიექტებისადმი "ჩინოვნიკების" ინტერესებზე ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესში გავრცელდა ინფორმაცია. კერძოდ, სამუშაოების პარალელურად, საუბროდნენ იმაზე, რომ ამა თუ იმ ობიქტების უკან მაღალჩინოსნები იდგნენ, რომელთა შორის ყველაზე გამოკვეთილი ფიგურები იყვნენ: ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი ბობოხიძე, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე და იმერეთის გუბერნატორი მიხელ ჩოგოვაძე, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ საოლქო პროკურორი იყო და რეაბილიტაციის პროცესში გამოჩენილი "ყურადღების" გამო ქუთაისის "მშენებლის" სახელიც კი დაიმკვიდრა.
ისტორიული უბნის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებაში ინვესტორების დიდ დაინტერესებას ელოდნენ. თუმცა, დღემდე არც ერთი მათგანი არ გამოჩენილა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიულ უბანში ინვესტიციის განხორციელებას თურქი ბიზნესმენები აპირებდნენ, მაგრამ სამთავრობო ჩარევების შემდეგ ინვესტორებმა თანხის ჩადება გადაიფიქრებს. კერძოდ, საუბრობენ იმაზე, რომ ჩინოვნიკებმა მათ გარკვეული წილი მოსთხოვეს. ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში კი აცხადებენ, რომ ინვეტსორთა დაინტერესება ეკონომიკური კრიზისის გამო შეჩერდა.
"თვითმმართველობა თავაზობს, დანარჩენი ამ ადამიანების გადასაწყვეტია. პრივატიზება გულისხმობს იმას, რომ ჩნდება კონკრეტული ინვესტორი, რომელიც ყიდულობს შენობას და მასში შესაბამისი თანხა ჩაიდება. ზოგადად, მიმდინარე წელს თუ განვიხილავთ, გარკვეულწილად ამ ფორმის პრივატიზებაზე მსოფლიოში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა იმოქმედა და ამ კუთხით სერიოზული თანხები არ არის მობილიზებული," - ამბობს ვიცე-მერი ზაზა ნუცუბიძე. მისი თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც იჩენენ ამა თუ იმ ობიექტების მიმართ დაინტერესებას, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მათი ინტერესი შემცირებულია. "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მიმართულება შეიცვლება და დაინტერესება, რომელიც ისედაც არსებობს, რეალური ინვესტიციების ჩადებით განხორციელდება," - ამბობს ნუცუბიძე.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ობიექტი, რომელის მიმართ ინვესტორთა დაინტერესებაზე დიდი ხნის წინ საუბრობდნენ, ისტორიულ უბანში მდებარე #1 პოლიკლინიკის შენობაა. რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობა მის გასხვისებას გეგმავდა, სადაც სასტუმრო უნდა აშენებულიყო.
ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ობიექტის შეძენის მსურველი ინვესტორი არსებობდა, მისი ვინაობა კი ქონების გაყიდვის შემდეგ გახდებოდა ცნობილი. თუმცა, #1 პოლიკლინიკის შენობა ამ დრომდე გასასხვისებელი ობიექტების ნუსხაშიც კი არ არის შეტანილი. როგორც ეკონომიკის სამსახურში განგვიმარტეს, აღნიშნული შენობა კვლავ პოლიკლინიკას გადაეცა იჯარის ფორმით.
თეა ზიბზიბაძე
|