საწყისი  საიტის რუკა  კონტაქტი
http://www.akhali-gazeti.ge

2010  8  სექტემბერი,  ოთხშაბათი
 
 
 ძიება საიტზე

 რეკლამა





საგადასახადო ტერორი საბიუჯეტო კრიზისის გადასაფარად

გავრცელებული ინფორმაციით, საგადასახადო ინსპექციამ სალონს ბიუჯეტთან არსებული დავალიანება აღმოუჩინა, რაც 31000 ლარად არის შეფასებული. "როგორც ვიცი, სალონს ყველა მხატვრის ნამუშევარი აქვს დაფიქსირებული, მაგრამ შეცდომით, ძველი ფორმებით აქვთ წარდგენილი დოკუმენტაცია. ამის გამო ყველა პროდუქციას უღიარებენ უკანონოდ. 31000 ლარს ედავებიან, რომელიც მიუწვდომელი თანხაა მათთვის. დარწმუნებული ვარ, რომ სალონი შეწყვეტს არსებობს და ასეთი იქნება ძალიან ბევრი დაწესებულება ქუთაისში," - ამბობს "ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა მღვდელაძე.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციის ქუთაისის რეგიონულ ცენტრში კომენტარს არ აკეთებენ. სამაგიეროდ, მაღაზიის მეპატრონეები და მეწარმეები საგადასახადოს თანამშრომელთა უხეშ მოპყრობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საგადასახადო ინსპექტორების თავგასულობა ყოველგვარ ზღვარს აჭარბებს. თუმცა, ვინაობის დასახელებას ყველა მეწარმე ერიდება. "ერთხელ უკვე ვარ დაჯარიმებული. აღარ მინდა დამატებით პრობლემები შევიქმნა," - ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე.

სამაგიეროდ, პირად საუბარში დეტალებზე საუბრობენ: "რამდენიმე მეთოდი აქვთ: შემოვარდებიან, უცებ დაიწყებენ შემოწმებას და უმიზეზოდ ჯარიმებს წერენ, ან მოდიან როგორც მყიდველები და სალარო აპარატიდან "ჩეკის" ამოწერამდე, შეიძლება ითქვას, გარბიან მაღაზიიდან. ხომ ვერ გაეკიდები, რომ გზაში დააწიო "ჩეკი"? ყველანაირ მიზეზს ეძებენ, რომ ჯარიმა დაგაკისრონ,' - ყვებიან მაღაზიის მეპატრონეები.

"მე ყოველთვის ვწერ "ჩეკს", თუმცა ჯარიმა მაინც გამომიწერეს. თუ მოინდომებენ, ყოველთვის აღმოაჩენენ რაღაც მიზეზეს, რომ ჯარიმა ამოწერონ. ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის გამანადგურებელია. ჯარიმების გადახდა გაკოტრებას ნიშნავს. ერთ წუთში გიწერენ 500 ლარიან ჯარიმას. რასაც ვივაჭრებ ჯარიმებში უნდა ვიხადო? ყოველთვის იმის შიშში ვართ, რომ უცებ ვიღაც შემოვა და ჩხრეკას დაიწყებს. ეს მიუღებელია ჩემთვის. გაცილებით უკეთ ვიქნებოდით, ფიქსირებულ გადასახდს რომ ვიხდიდეთ," - ამბობს მაღაზიის მეპატრონე.

აღსანიშნავია, რომ სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება ყველა ტიპის სავაჭრო მომსახურების ობიექტებისთვის პარლამენტმა 2005 წლის 27 დეკემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით დაადგინა. მოთხოვნების დარღვევისათვის კი მკაცრი სანქციები დააწესა: სალარო აპარატის გარეშე მუშაობა პირველადი აღმოჩენის შემთხვევაში 500 ლარით ჯარიდმება, განმეორებით შემთხვევაში - 5000 ლარით, ხოლო კვლავ განმეორების შემთხვევაში - 10000 ლარით.

სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებას 2007 წლის გაზაფხულზე მოვაჭრეთა საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის გამოც 2007 წლის ნომებერში, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე თვით ადრე, პრეზიდენტის ბრძანებით, ბაზრებისა და ბაზრობების მოვაჭრეები სალარო აპარატების დადგმის ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ. აღნიშნულ ადგილებში მოვაჭრეები აპარატებს მხოლოდ 2010 წლის 1 იანვრიდან გამოიყენებენ.

"ახლა განსაკუთრებით გააქტიურდნენ. თავიდან თვეში ერთხელ შემოდიოდნენ, შემდეგ ორჯერ, ახლა კი დღეში რამდენჯერმე შეიძლება შემოვიდნენ, რომ ჯარიმა დაგაწერონ. ეს ჩვენთვის საშინელი დარტყმაა,"- ამბობენ მაღაზიების მეპატრონეები.

ანალოგიურ პრობლემებზე საუბრობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული მაღაზიების მეპატრონეები. გურიაში საპროტესტო აქციებიც კი გაიმართა, საგადასახადო დევნის შეწყვეტის მოთხოვნით. დაჯარიმებული და დალუქული მეწარმეების საკითხი პოლიტიკური სპეკულაციის თემად უკვე იქცა. ოპოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობას საგადასახადო რეკეტში ადანაშაულებს, თვითმმართველობა კი პასუხისმგებლობას იცილებს და საგადასახადო ინსპექციის დამოუკიდებლობაზე საუბრობს.

გასულ კვირას, ქუთაისის მერიის წინ სამი ოპოზიციური პარტიის ("ახალი მემარჯვენეები", "კონსერვატორები" და "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის") ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან არსებული სიტუაციის შეცვლას მოითხოვდნენ. "ქუთაისში არ არის ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო. ყველაზე მეტი ობიექტი, რომელსაც აწერია "ქირავდება" და არის დაუსრულებელი, ქალაქის ცენტრში, ისტორიულ უბანში მდებარეობს. აქ არ არსებობს რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, არ აძლევენ ინვესტორებს კონდინცირების გაკეთების უფლებას, გაძლიერებულია საგადასახადო ადმინისტრირება, ამიტომ ყველა ინვესტორი კარგავს ინტერესს. როგორც მოხდა თურქების შემთხვევაში. მათ უნდოდათ სწრაფი კვების ობიექტის გაკეთება ცისფერყანწელების ქუჩაზე, თუმცა გადაიფიქრეს და ბიზნესი გადაიტანეს ფოთში," - ამბობს მამუკა მღვდელაძე.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ უმიზეზოდ არც რეკლამის განთავსებაზე უარის თქმა ხდება და არც ვინმეს დაჯარიმება. "ყველა ის რეკლამა, რომელიც გარე იერსახეს ამახინჯებს, იქნება ჩამოხსნილი. ასევე, კონდინცირებასთან დაკავშირებით, წინა ფასადზე მისი გაკეთება გამორიცხულია. ხოლო რაც შეეხება დაჯარიმებულ მეწამრეებს, ეს არ ხდება კონკრეტული ჩინოვნიკების გადაწყვეტილებით. თუ ასეთი ფაქტები არსებობს, უნდა ითქვას. თუკი რომელიმე მეწარმე თვლის, რომ მისი უფლება შეზღუდულია, შეუძლია მიმართოს სასამართლოს," - ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი დავით გორდელაძე.

მეწარმეები და მაღაზიის მეპატრონეები კი ფიქრობენ, რომ სასამართლოში წასვლა დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული და იმის გარანტია, რომ საქმე მათ სასარგებლოდ გადაწყდება პრაქტიკულად ნულის ტოლია. ამიტომ ისინი დაკისრებული ჯარიმების გადახდას ამჯობინებენ. მაღაზიების მეპატრონეები საგადასახადო ინსპექტორების გააქტიურებას ცარიელი ბიუჯეტის შევსებით ხსნიან. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) მიმდინარე წლის 9 თვეში მიღებულმა შემოსავალმა 767 300 ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (780 000 ლარი) 12 700 ლარით ნაკლებია.

საქმე ის არის, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ჯარიმებიდან ამოღებული თანხები შედის, ხოლო ყველა ის ჯარიმა, რაც საშემოსავლო გადასახადს უკავშირდება, ცენტრალურ ბიუჯეტში ირიცხება. ის, რომ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი მიმდინარე წელს კრიზისს განიცდის, ამას არც ადგილობრივ თვითმმართველობაში მალავენ. ამბობენ, რომ მიმდინარე წელი ამ კუთხით ძალიან მძიმე იყო და შემოსავლების მობილიზება გაჭირდა. ქუთაისის 2009 წლის ბიუჯეტის 9 თვის შემოსავლებმა ფაქტობრივად 26862 500 ლარი შეადგინა. აქედან, გადასახადების წილი 12,5%-ია, გრანტების - 70,4%, სხვა შემოსავლების - 11,5%, ხოლო პრივატიზებიდან მიღებული შემოსავლებისა - 5,6%. ამ უკანასკნელის წილი გასული წლის 9 თვეში 15,7%-ს შეადგენდა.

 პრივატიზაციის შედეგად მიმდინარე წლის 9 თვეში ადგილობრივ ბიუჯეტში ჩარიცხულია 1 471 100 ლარი, რაც გეგმის (2 800 000 ლარი) 52.7%-ია. მათ შორის, 582 000 ლარი მიღებულია ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან, ხოლო მიწის გაყიდვიდან ბიუჯეტში შესულია 893 100 ლარი. გარდა პრივატიზების კუთხით არსებული პრობლემებისა, ცნობილია, რომ გეგმა სხვა კუთხითაც ვერ შესრულდა. მაგალითად, მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის 49.6%-ით არის შესრულებული, ანუ ამ კუთხით ბიუჯეტში 34 700 ლარი შევიდა, თუმცა გეგმით 70 000 ლარი იყო გათვალისწინებული. ასევე, ჩავარდნაა დასუფთავების კუთხითაც.

"დასუფთავებასთან დაკავშირებით თანხების ამოღებასთან იყო პრობლემები. რაც შეეხება პრივატიზებას, კრიზისის გამო, ეს პროცესი შეფერხებულია. მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით კი თანხები შემოდის იმ შემთხვევში, როდესაც დაინტერესებული პირი იწყებს მშენებლობას. ეს კი პირდაპირ კავშირშია პრივატიზებასთან. 2009 წელი იყო ფინანსური კუთხით მძიმე წელი. ქუთაისის ბიუჯეტში პრობლემები გვქონდა, რაღაც პროგრამებზე წელს მოგვიწია უარის თქმა," - ამბობს საკრებულოს წევრი ტარიელ მესხი.

"ბიუჯეტში რაღაც ნაწილში ფული არ შემოვიდა, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც ნაწილში ხარჯები არ დაფინანსდება," - ამბობს მერიის საფინასო სამსახურის ხელმძღვანელი გია შარაბიძე.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ბიუჯეტში პრივატიზებიდან თანხების მობილიზება ბოლო პერიოდში ყველა მცდელობაზე უშედეგო აღმოჩნდა. მყიდველის არარსებობის გამო, გამოცხადებული აუქციონები იშლება. გასაყიდ ობიექტებთან მიმართებაში წარუმატებლობის შემდეგ თვითმმართველობამ ახლა ბედის ცდა და ბიუჯეტში თუნდაც მცირე თანხების შეტანა ისეთი ქონებით გადაწყვიტა, როგორიცაა: საკუთრებაში არსებული აგურები, შავი ლითონის ჯართი და თუნუქის ღუმელი. ცნობილი ხდება, რომ 600 ცალ აგურს (საწყისი ფასი 160 ლარი), 1336 კგ. შავი ლითონის ჯართს (საწყისი ფასი 348 ლარი) და ექსპლუატაციაში ნამყოფ ერთ ცალ თუნუქის ღუმელს (საწყისი ფასი 572 000 ლარი) აუქციონზე 17 ნოემბერს გაიტანენ. მანამდე კი, 5 ნოემბერს, ასევე აუქციონის გზით, ადგილობრივი თვითმმართველობა ძველი ტროლეიბუსების გაყიდვას შეეცდება.

თეა ზიბზიბაძე



2009-10-26
 

უკან



ძებნა თარიღით

            

სექტემბერი 2010
ორსამოთხხუთპარშაბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930



უკან




 სექტემბერი 2010
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

 რეკლამა


 
PDF Version გაზეთის PDF ვერსია   ჩვენს შესახებ რეკლამა საიტზე და გაზეთში ფოტო გალერეა კონტაქტი
Copyright© 2009 | All Rights Preserved Designed by SPAR