საწყისი  საიტის რუკა  კონტაქტი
http://www.akhali-gazeti.ge

2010  5  სექტემბერი,  კვირა
 
 
 ძიება საიტზე

 რეკლამა





კუდ-ის მორიგი ალყა მერიას

ბრალდება ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის წინააღმდეგ ქრთამად 4000 ლარის აღებას შეეხება. კუდ-ის ინფორმაციით, კობზონაძემ მეწარმეს მიწის პრივატიზებისა და მშენებლობის ნებართვის მოპოვებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით გამოსძალა აღნიშნული თანხა. ჩადენილი დანაშაული 9 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც კობზონაძე 4000-ის ნაცვლად, 3000 ლარის ოდენობის თანხაზე საუბრობდა. უფროსის დაკავება მოულოდნელი აღმოჩნდა არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის. სამსახურის სპეციალისტი ნინო რევიშვილი ამბობს, რომ მამუკა კობზონაძე უანგარო ადამიანია და საუკეთესო არქიტექტორი: "იყო საუკეთესო უფროსი და საუკეთესო ადამიანი. სიკეთის განსახიერება, არავინ იცის, რა მიწის ნაკვეთზეა საუბარი, მისგან ქრთამის აღება წამოუდგენლად მიმაჩნია," - ამბობს ის.

სამსახურის სხვა თანამშრომლები ამბობენ, რომ ქუთაისის არქიტექტურის სამსახურში ასეთივე სპეცოპერაცია 5 წლის წინაც ჩატარდა, მაგრამ მაშინ არავინ დაუკავებიათ. კატეგორიულად გასაიდუმლოებულია მეწარმის ვინაობა, რომელსაც გამოძიების ვერსიით, კობზონაძემ ქრთამი გამოართვა, თუმცა "ახალი გაზეთისთვის" ცნობილი გახდა, რომ საუბარია სუპერმარკეტ "პოპულის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ჯერ ისევ სახელმწიფოს საკუთრებაა. თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ. მოგვიანებით "ახალი გაზეთისთვის", ასევე, ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ კობზონაძეს მუხლი სხვა ნაწილით შეუცვლეს და მას, სავარაუდოდ, ბრალიც შეუმსუბუქდება.

მამუკა კობზონაძის ოჯახი ქუთაისში, ცხინვალის ქუჩაზე ცხოვრობს. მეუღლე მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს, რადგან "მამუკა სამსახურის საქმეებზე არასოდეს საუბრობდა სახლში,"- ამბობს თამარ კობზონაძე.

"ახალი გაზეთის" ინფორმაციით, დაკავებამდე კობზონაძეს ხშირი შეხვედრები ჰქონდა იმერეთის გუბერნატორთან - მიხეილ ჩოგოვაძესთან. ამის გამო, მთავარი არქიტექტორის დაკავების თაობაზე კომენტარი ვთხოვეთ მიხეილ ჩოგოვაძეს, რომელმაც განგვიცხადა: "მე არ ვარ პროკურორი, უკვე კარგა ხანია წამოვედი მაგ სამსახურიდან. არ ვიცი, მისი ბრალეულობა რაშია. ამას გაარკვევენ. როგორც თანამშრომელს, რასაც დავავალებდი ყველაფერს ასრულებდა."

ვიცე-მერი დავით გორდელაძე, რომელიც ამჟამად მერის მოვალეობას ითავსებს, მერიის თანამშრომლის დაჭერაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს: "მომხადარი ფაქტი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა საქმისადმი, როდესაც საჯარო მოხელე ასეთ ქმედებას ჩაიდენს, ყოველთვის აღიკვეთება. როგორც ჩანს, კობზონაძე სულ სხვა საქმეს ემსახურებოდა. როცა სახელმწიფო საჯარო მოხელეს გამოუცხადებს ნდობას, მან ეს ნდობა უნდა გაამართლოს".

ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ განსასჯელი კობზონაძე, ჯერ ისევ უცნობია. მის საქმეში კიდევ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა. ოქტომბრის თვეში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ამ ოპერაციის გარდა, კიდევ ოთხი სპეცოპერაცია ჩაატარა: 20 ოქტომებერს თბილისში სამშენებლო კომპანია "მშენ 07"-ის დირექტორი გიორგი დელიბაშვილი დააკავეს. მან სამშენებლო სამუშაოების შესასრულებად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 4 მილიონი ლარიდან დოკუმენტების გაყალბების გზით 700 000 ლარი მიითვისა;

8 ოქტომბერს, კუდ-მა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თანამშრომელი მამუკა თეთრაშვილი დააკავა, რომელიც ომის შემდგომ დაზარალებულ დევნილებს საცხოვრებელ ფართებში განთავსების სანაცვლოდ სისტემატიურად სძალავდა თანხას; 6 ოქტომბერს, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ფოთის პორტის შესყიდვების სამსახურის უფროსი ბესიკ ჯოჯუა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ქრთამის მიცემისთვის დაკავებულნი არიან შპს "ევროპული ცენტრის" დამფუძნებლებიც: გიული კვარაცხელია და ბეჟან მალაშხია. მათ ბესიკ ჯოჯუას, ტენდერში გამარჯვების სანაცლოდ, ქრთამის სახით 39000 ლარი გადაუხადეს; თვის დასაწყისში - 2 ოქტომბერს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს საქართველოს რკინიგზის ქუთაისის სამსახურის უფროსი ავთანდილ ფილიპია და სამტრედიის სამმართველოს თანამშრომელი ალექსანდრე ბაღდავაძე, რომლებმაც მეწარმეს კუთვნილი ქონების შესყიდვაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით გამოსძალეს 15000 დოლარი.

მამუკა კობზონაძეს უკვე წაუყენეს ბრალი და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. იგი არქიტექტურის სამსახურში წლების განმავლობაში მუშაობდა. სამსახურის უფროსად კი 3 წლის წინ დაინიშნა.

სოფიკო ყანჩაველი



2009-10-26
 

უკან



ძებნა თარიღით

            

სექტემბერი 2010
ორსამოთხხუთპარშაბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930



უკან




 სექტემბერი 2010
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

 რეკლამა


 
PDF Version გაზეთის PDF ვერსია   ჩვენს შესახებ რეკლამა საიტზე და გაზეთში ფოტო გალერეა კონტაქტი
Copyright© 2009 | All Rights Preserved Designed by SPAR